„ევროპული საქართველო" საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

16:40 06-30-2019
24

„ევროპული საქართველო" საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გააკეთა. 

უგულავა ამ გადაწყვეტილების მოტივებსაც განმარტავს, ამასთან საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით პარტიის პოზიციას აფიქსირებს.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს და ყველა შესაძლო ფორმატში უნდა ვახსენოთ, მოვითხოვოთ, მივაწვეთ „ქართულ ოცნებას“, გადააყენოს გახარია, რაც არის ამ წუთას ერთადერთი და მთავარი მოთხოვნა საპროტესტო აქციებისა, რომელიც უკვე მე-11 დღეა თბილისში მიმდინარეობს. ამასთანავე, სწორედ ეს იყო საპროტესტო აქციების მანდატიც ,რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა ბოლომდე მიიყვანონ ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ. ეს არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ახლა და არა ის, რასაც ივანიშვილი გვეუბნებოდა, რომ 4 წელი კიდე მომაპარინეთ და მერე გადავალ პროპორციულზე. ეს ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი, ეს გულისხმობს სხვადასხვა ფორმატებს და ამ ფორმატებში ჩვენ პარტიებმა შეიძლება სხვადასხვა სტრატეგიაც ავირჩიოთ იმიტომ, რომ არცერთი ფორმატი არ უნდა დარჩეს, რომელშიც „ქართული ოცნება“ იქნება მარტო და შეეცდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ან ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანოს და მოატყუოს. ბარიერთან და ბლოკებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ დიახ, უკეთესია, იყოს რაიმე ტიპის ბარიერი. თუმცა ,რაიმე ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავთ. კონსტიტუციის ცვლილებას ბევრი დისკუსია არ სჭირდება, კონსტიტუციაში რამდენიმე სიტყვა და წინადადებაა შესაცვლელი. „ევროპული საქართველო“ წინასწარ ვაცხადებთ,რომ ამ კონსტიტუციურ ცვლილებას ჩვენ დავუჭერთ მხარს. ეს არის სწორედ აქციების მონაპოვარი დანარჩენზე გვექნება ინდივიდუალური მაჯელობა. ზოგი პარტიები ერთ ტაქტიკას აირჩევს,ზოგი მეორეს. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს ერთსულოვნება ყველა ოპოზიციურ პარტიას და ეს არის ის ,რომ არანაირი ხრიკებით და მანიპულაციებით ჩვენ არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ გადაბრალების ან რაიმე მანიპულაციების საშუალება იმისთვის, რომ ის მონაპოვარი, რაც ჩვენ ერთიბლივი ბრძოლით მოვიპოვეთ, მათ უკან არ წაიღონ და ხელახლა მოატყიონ საზოგადოება, "-აცხადებს გიგი უგულავა.