ფიზიკური დაპირისპირება არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ორ ჯგუფს შორის

13:28 06-30-2019
823

N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის ჩხუბი მოხდა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსი ადასტურებენ. 

უწყების ცნობით, შემთხვევა 27 ივნისს მოხდა. დაწესებულებაში მსჯავრდებულების ორ სხვადასხვა ჯგუფს შორის მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

„27 ივნისის ინციდენტის აღკვეთის მიუხედავად, 28 ივნისს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება კვლავ მოხდა ორ თანამესაკნე მსჯავრდებულს, 2002 წელს დაბადებულ გ.თ.-სა და 2001 წელს დაბადებულ დ.ყ.-ს, შორის. მოცემული ჩხუბის შედეგად მსჯავრდებული დ.ყ. N 11 პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, ხოლო მსჯავრდებული გ.თ. სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ის უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა. ამჟამად მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაციის დაგეგმვა ყბის მოტეხილობის გამო. 28 ივნისს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება მოცემულ საქმეზე. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ორივე საქმეზე, რომლის მიზანიც არა მხოლოდ მსჯავრდებულთა, არამედ თანამშრომელთა ქმედებების სისხლის სამართლის ჭრილში შეფასებაა“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.