მადლობელი ვარ, გმირის სახელი რომ დატოვა და არა ლაჩრის - ნანიკო მამის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ დაიბადა

19:01 06-28-2019
1163

რაულ მჟავანაძე 1973 წლის 8 ივლისს დაიბადა ქობულეთის რაიონში, სოფელ ლეღვაში. სკოლა რომ დაამთავრა, აფხაზეთის ომი მძვინვარებდა. დედა წინააღმდეგი იყო შვილის ჯარში გაშვების, მაგრამ რაული, ძმასთან – გივი მჟავანაძესთან ერთად მაინც წავიდა იმხანად ახლად ჩამოყალიბებულ შინაგან ჯარში და მოიხადა კიდეც

სამშობლოს ვალი ბათუმში დისლოცირებულ 25-ე მოტომსროლელთა ბატალიონში. ჯარმოვლილმა ფოთის საზღვაო აკადემიას მიაშურა. აკადემიის წარმატებით დასრულების შემდეგ 8 წელი იმსახურა ბათუმში, სამთავრობო დაცვაში. 2004 წელს კი გადაწყვიტა, კვლავ ჯარს დაბრუნებოდა. ხელი მოაწერა კონტრაქტს, მსახურობდა ვაზიანში, 42-ე ბატალიონში. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში.

2008 წელს ვადა გასდიოდა მის კონტრაქტს. ჯარისთვის თავის დანებებას არ აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის გაზაფხულზე, მტრის შემოსვამდე სულ რაღაც 5 თვით ადრე ცოლი შეირთო. პირიქით, 8-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა საქართველოსთან. მაგრამ არ დასცალდა. ომი დაიწყო. შინიდან ბოლოს 3 აგვისტოს გავიდა.

ლილი ბეჟანიძე, რაულ მჟავანაძის დედა:

„ცოტა უცნაურად იქცეოდა, ახალი ტელეფონი შინ დატოვა, თან ძველი წაიღო. ოჯახის წევრებს ჩვეულებრივად გამოგვემშვიდობა. რომც სცოდნოდა ომის შესახებ, ჩვენ არ გვეტყოდა, რომ არ შევეშინებინეთ. რამდენიმე დღეში უკან ჩამოსვლას აპირებდა... ომის დაწყების დღეს მეუღლეს დაურეკა, ვერ ჩამოვალო. ცოტა აღელვებული გვეჩვენა, არაფერი უთქვამს... რამდენიმე საათში ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ ომი დაიწყო... რომ ცხინვალის მისადგომებთან მიდიოდა ბრძოლა, რომ მეოთხე ქვივითი ბრიგადა ცხინვალში იბრძოდა... მაშინ შევშინდით, როცა შევიტყვეთ, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბვა დაიწყეს... რაული ჯარში ყოფნისას დღეში რამდენიმეჯერ გვირეკავდა ხოლმე, მაგრამ, რაც ომი დაიწყო, მხოლოდ ერთხელ შეეხმიანა მეუღლეს. ვცდილობდით დაკავშირებას, მაგრამ ვერ ვახერხებდით, ტელეფონი არ იჭერდა... მერე კი, როცა დარეკვა მოხერხდა, გამორთული ჰქონდა. არაფერი ვიცოდით. ვნერვიულობდით. ვფიქრობდი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ერთხელ მაინც დაგვირეკავდა და გვეტყოდა, კარგად ვარო...“

10 აგვისტოს, სამეზობლოში ატეხილი ჩოჩქოლი ავად ენიშნა დედას, მაგრამ დაამშვიდეს, რაული დაჭრილია, გორის ჰოსპიტალშიაო.

დედა: „ბიჭები იმ წუთას 2 მანქანით გავარდნენ გორში... შემდეგ გავიგე, რომ ჩემი შვილი დაიღუპა დაბომბვისას, თანამებრძოლებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში წაუყვანიათ, მაგრამ გზაში დაულევია სული, სისხლისგან დაცლილა... შინ 11 აგვისტოს ჩამოასვენეს...“

რაულ მჟავანაძე მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. დღეს მის საფლავზე ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს. მის სამუდამო განსასვენებლიდან სადღაც ერთ კილომეტრში კი მის კარიმიდამოზე დარბის პატარა ნინიკო. ნინიკო მამის დაღუპვიდან 6 თვის თავზე მოევლინა ქვეყანას...

დედა: „ალბათ, ოცნებობდა, რომ მისი შვილი განსაკუთრებული ყოფილიყო, თვითონ კი მზრუნველი მამა, მაგრამ ვერ მოესწრო შვილის ნახვას. ეს გზა თავად აირჩია და რომ სცოდნოდა, ასე დაამთავრებდა, ალბათ, მაინც არ შეცვლიდა საკუთარ გადაწყვეტილებას. ყოველთვის მეშინოდა იარაღის, არ მინდოდა, ჯარში წასულიყო, მაგრამ მაინც წავიდა. მეუბნებოდა: დედა, მე თუ ომში დავიღუპები, მთელს ქვეყანას ვეყვარები და ყველა დამაფასებს, აქ კი, თქვენს გვერდით რომ მოვკვდე, მხოლოდ თქვენ დაგწყდებათ გულიო. როცა ფორმა გაცვია და ჯარში ხარ, ამ ფორმის ღირსეულად ტარებისთვის შეიძლება თავიც გაწირო, მაგრამ ეს არ უნდა გაშინებდესო“.

შვილის დაღუპვიდან წელიწად-ნახევარში ჯარისკაცის მამა, ასლან მჟავანაძე გარდაიცვალა.

დედა: „რაული შინ ხშირად რეკავდა, ყოველთვის ესაუბრებოდა მამას, რომელიც ბოლოს ავადმყოფობდა. რაული ცდილობდა, დაემშვიდებინა, ეუბნებოდა, ეხლა მე ვარ შენი მარჩენალი, დროა, შენ დაისვენო და მე მოგიაროო... მიმძიმს მის გარეშე, მაგრამ მადლობელი ვარ, ჩემი შვილი გმირულად რომ დაიღუპა, გმირის სახელი რომ დატოვა და არა ლაჩრის. რომ არ უღალატა სამშობლოსთვის მიცემულ ფიცს...“