ვისაც ამ საფრთხის სჯერა, გაგებით მოეკიდება - კაკულია გახარიას განცხადებაზე

13:25 06-28-2019
113

გიორგი გახარიას გამოსვლის პოზიტიურად გაგება იმ ადამიანს შეუძლია, ვინც დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის სცენარი არსებობს, თუ ხელისუფლება ამ ბრძოლაშია, ცხადია, გენერლებს ბრძოლის დროს არ ცვლიან – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ შს მინისტრის ინტერვიუსთან დაკავშირებით.

კაკულიას თქმით,გახარიას ახსნა-განმარტებას ის ადამიანი მიიღებს, ვისაც ამ სცენარის სჯერა, ხოლო ვისაც არ სჯერა, მისივე თქმით, ის კონცენტრირდება უდანაშაულოდ დაშავებულ ადამიანებზე

„ვისაც ამ საფრთხის სჯერა, გაგებით მოეკიდება. ვინც მიიჩნევს, რომ საფრთხე არ არსებობს და გაზვიადებულია, აქცენტს ამ პროცესის ბოლო ნაწილზე გადაიტანს, სადაც უდანაშაულო, დაზარალებული ადამიანები არსებობენ. სამწუხაროდ, ამ სცენარს ვიცნობ, შეიძლება, მტკიცებულებები ვერ წარმოვადგინო, მაგრამ ვიცი, რომ ეს სცენარი არსებობს და ის ადამიანებიც ვიცი, ვინც ამ სცენარის განხორციელებისთვის ყოველთვის მზად არიან. ასეთ დროს ეს გადაწყვეტილება რთული მისაღებია. გიორგი გახარიას ახსნა-განმარტებას ის ადამიანი მიიღებს, ვინც იცის ამ სცენარის შესახებ და სჯერა, რომ აღნიშნული სცენარი არსებობს. ვისაც არ სჯერა, ის სამართლიანად კონცენტრირდება უდანაშაულოდ დაშავებულ ადამიანებზე და ამ ანალიზის შედეგად გამართლება არ ექნება“ – განაცხადა რომან კაკულიამ.