რუსეთის თქმით, საქართველო სახიფათო ქვეყანაა

12:57 06-27-2019
432

რუსეთის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ საქართველოში რუსი ტურისტებისთვის მოგზაურობა უსაფრთხო აღარაა. რუსული მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში რუს ტურისტებს თავს ესხმიან.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა ოლგა სკაბეევამ თავის მაყურებელს განუცხადა: „სახელმწიფო გაფრთხილებთ, რომ საქართველოში უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ“.

რუსული მედიის ამ განცხადებებზე სტატიას BBC აქვეყნებს. ბრიტანული მედია საშუალების მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები სრულიად განსხვავებულ აზრზე არიან.

 BBC-ს ჟურნალისტმა თბილისში მყოფი რუსი ტურისტებისგან აიღო ინტერვიუ. ერთ-ერთმა რესპოდენტმა აღნიშნა „ჩვენ არ ვუსმენთ პუტინის რჩევებს და ჩვენი აზრი გვაქვს“. სტატიაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტის მიერ გამოკითხული არცერთი ტურისტი არ ფიქრობს, რომ საქართველოში მათი ყოფნა სახიფათოა.

რუსმა ტურისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ხალხი მათ მეგობრულად ექცევა და რუსებისადმი ნეგატიური განწყობა არ იგრძნობა. რამდენიმე ტურისტმა ისიც განაცხადა, რომ თბილისში რუსოფობია სულაც არ არის.

ავტორი: მარიამ გიგანი