გაიცანით პოლიციელი, რომელსაც აქციაზე დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავდა

11:34 06-26-2019
894

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია პოლიციელზე, რომელსაც 21 ივნისის ღამეს დაშავებულები საავადმყოფოებში გადაყავდა. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი დათო დავითაძე წერს. 

„ეს პოლიციელი ოთიკო ბარნოვია. ის არამარტო უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას აქციაზე, არამედ იძენდა წყალს და ხალხს ურიგებდა. მან გამოიჩინა გულისხმიერება და ხალხისადმი სიყვარული. აი, ასეთი გმირი პოლიციელები გვყავს. კი ბევრნი იტყვით, მერე რა წყალი, რომ დაარიგაო, რაზეც გიპასუხებთ - მან ეს თავისი ნებით გააკეთა, თავისი ხარჯებით, არავის დაუვალებია, მას უბრალოდ მოუნდა, ცუდ სიტუაციაში ხალხს რამენაირად მაინც დახმარებოდა. როდესაც ოთარს კითხეს, თუ რატომ მოიქცა ასე, მან უპასუხა: პოლიციაში რომ მივდიოდი, ჩემი მიზანი იყო ხალხს დავხმარებოდი. მინდა ვემსახურო ხალხს და საქართველოს, მიუხედავად აგრესიისა, მე ვხდებოდი, რომ როგორც პოლიციელმა ხალხს მაგალითი უნდა ვაჩვენო, და მუდამ დავიცვა და დავეხმარო ყველას“.

width=600

ოთიკო ბარნოვი, გაიცანით ადამიანი, რომელმაც ფულზე არ გაყიდა ადამიანობა და თანამემამულეებს დახმარების ხელი გაუწოდა, მაშინ როცა სხვები გამიზნულად ესროდნენ და ასახიჩრებდნენ. ოთიკომ ათეულობით ადამიანს გაუწია დახმარება და დაშავებულებს სასწრაფომდე მისვლაში ეხმარებოდა, მაშინ როდესაც მისი კოლეგები რეზინის ტყვიებს უშენდნენ ახალგზარდებს. ის არის ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი, რომელმაც არ გაწირა ქართველი ახალგზარდები - წერს ვინმე ქეთევან დარძულიძე.

პოსტს პოლიციელზე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმიანება.

„არის პროფესიები, რომელიც მუდმივ თავგანწირვას და არაადამიანურ შრომას მოითხოვს, - პოლიციელი, მეხანძრე, ექიმი, ჯარისკაცი, მაშველი... ჯანსაღ შემთხვევაში, ამ პროფესიებს ირჩევენ ისინი, ვისაც სხვისი სიცოცხლე თავისაზე მეტი ჰგონია და შინაგანად სულ მზადაა გადაეფაროს სხვას. ეს ბიჭი არის ნამდვილი პოლიციელი. ასეთ ბრილიანტებს და ადამიანისმოყვარე გმირებს რომ დააწინაურებენ, მაშინ გავბრწყინდებით” - წერს ნათია თავის „ფეისბუქზე“. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე