ქისტი ქალი კადიროვს - ჩეჩნეთისათვის რუსეთი ისეთივე ოკუპანტი ურჩხულია, როგორც საქართველოსთვის

18:16 06-23-2019
1164

თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამზან კადიროვის მუქარის შემცველ განცხადებებს, რომ თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია, ქისტი ქალი, ნონა ხანგოშვილი გამოეხმაურა. 

facebook-ზე გამოქვეყნებული წერილში ხანგოშვილი რამდენიმე აქცენტს აკეთებს, მათ შორის იმას, რომ რუსეთი ჩეჩნეთისთვის ისეთივე ოკუპანტია როგორც საქართველოსთვის, ასევე იმას, რომ მისი ხალხი საქართველოში ორას წელზე მეტია ცხოვრობს, რომელიც კადიროვის პლაკატებს ფეხქვეშ თელავს და ერთი გოჯი მიწის გადმოლახვის შემთხვევაშიც წინ პირველი დაუდგება საბრძოლველად. 

„რამზან კადიროვი ტყუილად ნუ გვახსენებს, რომ საქართველომდე სულ ორასი კილომეტრია, მან კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მისივე ხალხი ცხოვრობს ორას წელზე მეტია და სულ რაღაც ერთი წლის უკან პანკისში მანქანაზე გაკრული მისი პლაკატები ჩამოგლიჯეს და ფეხქვეშ გათელეს. ამით დაანახეს რომ ისინი პირველები იქნებიან საქართველოში, ვინც დაუდგებიან წინ საბრძოლველად, თუ ერთი გოჯითაც გადმოლახავს საქართველოს საზღვარს. 

კადიროვს ნუ ავიწყდება, რომ ჩეჩნეთისათვის რუსეთის იმპერია ისეთივე ოკუპანტი ურჩხულია, როგორც საქართველოსთვის. 


ჩვენს გვერდით არიან 350 ათასზე მეტი ჩეჩენი, რომელიც რუსეთის იმპერიისგან დევნილია დღეს ევროპაში და მთელი ჩეჩენი ერი, რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის, როგორც საქართველო.
კადიროვი კარგად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რას ნიშნავს ვაინახისთვის რუსეთი და საქართველო, რომელი მათგანი მოიაზრება, როგორც მოსისხლე მტერი და რომელი სიხლით მონათესავე და მოძმე. 

ნუ დაავიწყდება, რამდენი სისხლიანი გენოციდი მოუწყო მის ხალხს რუსეთის იმპერიამ სამასი წლის მანძილზე. 


ისიც ნუ ავიწყდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მისი და პუტინის მიერ გადმოსროლილმა ჩეჩენმა სპეცრაზმელებმა როგორ გაუხსნეს ჩუმად ქართველ ჯარისკაცებს კორიდორი და საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენი ქართველი გადაარჩინეს,- ნათქვამია წერილში.