მივესალმებით „თბილისი პრაიდის“ გადაწყვეტილებას "ღირსების მარშის" გადადების თაობაზე - საელჩოები და NGO-ები

12:27 06-22-2019
39

რამდენიმე საელჩო და არასამთავრობო ორგანიზაცია ღირსების მარშის გადადების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  ლგბტი+ თემის გადაწყვეტილება გამართლებული და დასაფასებელია.

„მივესალმებით „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების გადაწყვეტილებას 2019 წლის 22 ივნისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ გადადების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, მიგვაჩნია, რომ არსებული ვითარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ლგბტი+ თემის გადაწყვეტილება გამართლებული და დასაფასებელია.

ამავდროულად კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მიერ 2019 წლის 17 მაისს გავრცელებულ განცხადებას, რომელმაც მოუწოდა პასუხისმგებელ მხარეებს შეთანხმებულად გამოეყენებინათ მათ ხელში არსებული ყველა ბერკეტი დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, რასაც ლგბტ+ თემი განიცდის. მივესალმებით თემსა და მთავრობას შორის თემის პრიორიტეტული საჭიროებების გამოვლენისა და გადაწყვეტის მიზნით გასული კვირების მანძილზე გამართულ კონსულტაციებს. გვჯერა, რომ მრავალფეროვნების პატივისცემა ხელს უწყობს დემოკრატიის გაძლიერებასა და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: გაერო საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ავსტრიის საელჩო, აშშ საელჩო, გაერთიანებული სამეფოს საელჩო, გერმანიის საელჩო, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, საფრანგეთის საელჩო და შვედეთის საელჩო საქართველოში.

შეგახსენებთ, თბილისი პრაიდმა 22 ივნისს დაგეგმილი ღირსების მარშის, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გადადო.