„ჩვენს ქვეყანაში არაფერი რუსული არ უნდა არსებობდეს“ - სტეფანე

16:15 06-20-2019
60

მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი დღის თემას ეხმიანება. ის „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსული სიმღერების გაჟღერება და ყველაფერი რუსულენოვანი უნდა აიკრძალოს. 

სტეფანე მღებრიშვილი: - იმაზე, რაც პარლამენტში დღეს მოხდა, საწინააღმდეგო აზრზე არავინაა. უთავმოყვარეობაა ქვეყანაში რუსი დეპუტატის შემოშვება. აქ ოკუპანტ ქვეყანას თავის აბრებიანად ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენს ქვეყანაში არაფერი რუსული არ უნდა არსებობდეს. ყველა ადამიანი გონს უნდა მოეგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს თავზე გადავლა არ დამთავრდება. თუმცა, მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ ყველაფერს, მიყვარს ჩემი ქვეყანა. ბევრი სიტუაციიდან გამოვმძვრალვართ და იმედია, მომავალშიც მაგრად ვიქნებით. 

- კვების ობიექტებში, რესტორნებში რუსული სიმღერები ჟღერს. ამას აპროტესტებ?

- დიახ, ასე არ უნდა იყოს. სიმღერები მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენაზე (რომელიც საერთაშორისოა) უნდა ჟღერდეს. ლაღად და სასიამოვნოდ ვუყურებ ანტისაოკუპაციო სტიკერებს. ჩემთვის ძალიან ნორმალურია - „პუტინ ხუილო“ და „რუსეთი ოკუპანტია“. ჩემი ბავშვობიდან სულ ვიგონებ აფხაზეთს. როგორ უნდა დავივიწყო, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს ოკუპირებული. 

- რას იტყვი შენს კოლეგებზე, რომლებიც ამ ყველფრის ფონზე რუსეთში მღერიან?

- ეს ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მე არ მესმის განმარტება, რომელსაც ისინი აკეთებენ - კულტურით ავუხსნათ რუსეთს, რომ... ეს აბსურდია. რუსეთიდან პერმანენტულად მომდის იქ კონცერტების გამართვის შემოთავაზებები. რა ჰონორარიც არ უნდა შემომთავაზონ, თავშიც არ გამიელვებს რუსეთში კონცერტის ჩატარება. 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე