EXCLUSIVE „დღესაც ბებიასთან ვმუშაობ მომვლელად“- როგორ გადაურჩა ამერიკელი ექიმის კოცნას ცუცა კაპანაძე

00:17 06-20-2019
3830

 24 წლის წინ ვიქტორ სირელსონმა პირველად ნახა ქართული ცეკვა, წეროების ცეკვას მიამსგავსა და იმ წელსვე ქართული კულტურის ცენტრი „მოცეკვავე წერო“ დააარსა. სწორედ ამ ცენტრში მოღვაწეობს დღეს ქართველი მსახიობი ცუცა კაპანაძე. ბავშვებს სპექტაკლებს უდგამს, სამსახიობო ოსტატობას ასწავლის. ამბობს რომ ეს მისთვის ყველაფერია. 

რა გზა გამოიარა ემიგრაციაში, რა სირთულეები შეხვდა, რა კავშირი აქვს ფილმის „შინდლერის სიის“ მთავარ გმირთან და სოფი ლორენის შვილთან, როგორ გადაურჩა ამერიკელი ექიმის კოცნას. ამ და სხვა საინტერესო თემებზე დღეს ჩემი რესპონდენტი თავად გაიამბობთ, „პრაიმტაიმი“ ქართველ მსახიობს ნიუ იორკში ქართული კულტურის სახლში ესტუმრა.

 - პირველად ამერიკაში 1988 წელს მოვხვდი გასტროლით თეატრიდან. წარმოგიდგენია რამდენი წლის ვარ (იცინის)? ქვის ხანიდან მოვდივარ. რეზო გაბრიაძის „უცხო ჩიტი“ წავიღეთ ჩიკაგოში. მაშინ გლეხის შვილობა ჭრიდა, ეგ უნდა ჩაგეწერა საბუთებში, დარწმუნდებოდნენ რომ არ დარჩებოდი ამერიკაში და გიშვებდნენ. თამანმდებობის პირების შვილებს არ უშვებდნენ ამ ქვეყანაში. კომკავშირის მდივანს უნდა დაემტკიცებინა შენი საბუთი, პარტკომის მდივანს მოეწერა ხელი და მთელი რიგი პარტიული პროცედურები იყო გასავლელი. „პანამერიკა“ დაფრინავდა მაშინ ბოინგი, იაფი ღირდა ფრენა, 300 დოლარი. მახსოვს ბიზნესკლასით ვიფრინეთ. მესამე სართულზე ვისხედით. მომსახურე პერსონალი თავს გვევლებოდა. ვერცხლის დანა-ჩანგალს ვითხოვდით და ყველაფერს საუკეთესოს. რას დალევთო, რომ მკითხა გამცილებელმა, ფილმებში მქონდა ნანახი, ვისკი სოდით და ეგ მოვითხოვე, თითქოს სულ ამას ვსვავდი კუდაბზიკა იმერელი. 

კენედის აეროპორტში ჩვენთან ერთად ჩამოფრინდა სტინგი. გადარეულები ვუყურებდით. გრძელი პლაში ეცვა, ტროსტი ეკავა ხელში, შავი ლიმუზინი დახვდა. მაშინ არ იყო ტელეფონები, ფოტოები რომ გადაგვეღო.

- პირველივე ვიზიტზე გადაწყვიტეთ რომ ამ ქვეყანაში დარჩებოდით საცხოვრებლად?

- არა. არც მიფიქრია მაშინ. 1989 წელს თავად ამერიკელები ჩამოვიდნენ ჩვენთან საქართველოში და 6 წლის განმვალობაში გაცვლითი პროგრამები გვქონდა. 6 ვიზიტის შემდეგ უკვე მეგობრებიც გავიჩინე აქ. სწორედ მათ (ლიკამ, ეკამ და ბატონმა ვიქტორ სირელსონმა, ვინც დააარსა ეს კულტურის ცენტრი 24 წლის წინ). გადამაწყვეტინეს საბოლოოდ ემიგრაციაში დარჩენა. მაშინ „პასიანსი“ უკვე გაჩერდა. თეატრში 20 ლარი მქონდა ხელფასი. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ მე მარტივად შემეძლო ექსტრაორდინარის ქეისის დაწყება ( ეს სტატუსი ნიშნავს წარმატებულ, ცნობილ ადამიანს თავის ქვეყანაში, რომლის აღების შემთხვევაშიც სახელმწოფო ფიქრობს რომ ამ ქვეყნისთვის საჭირო ხარ და ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას გაძლევს. ავტ). წამოსვლამდე შევარდნაძემ დამაჯილდოვა ღირსების ორდენით შემოქმედებაში გაწეული წვლილისთვის. ძალიან გამომაგდა ეს ჯილდო. მოკლედ გავაკეთე საბუთები და მე და ქალბატონი ხათუნა იოსელიანი ერთად ჩამოვედით. სხვა ქართველი მსახიობებიც იყვნენ ამერიკაში და ქართული თატრი გავაკეთეთ. მარტო ერთი მამაკაცი გვყავდა დასში და პირველი სპექტაკლი „6 შინაბერა და ერთი მამაკაცი“ დავდგით. ოტია იოსელიანს დავურეკე, ნებართვა ავიღე, პრემიერაზე მოვიწვიეთ. რამსიშორეზე წასულხარ ბოშოვი, მეხუმრა ჩვეული იუმორით... ამას მოჰყვა სპექტაკლი „სარკე“, ემიგრაციის თემაზე იყო და სხვათაშორის ნიუ იორკის თეატრალურ ფესტივალზეც გავიდა. „ნიუიორკ ტაიმსმაც“ დაწერა ამის შესახებ. ცოცხალი თარგმანი მიჰყვებოდა სპექტაკლს. მოკლედ ამ თეატრით ვსუნთქავდით იმ წლებში და ახლაც. ეს რომ არა დიდი იქნებოდა ნოსტალგია, მონატრება, რომელიც ისედაც არის ხოლმე....

- ენის ბარიერზეც მინდა გკითხოთ. ალბათ გქონდათ სახალისო შემთხვევები პირველ ხანებში...

- უი, რამდენიც გინდა. ახლაც არ ვიცი კარგად ინგლისური და მაშინ კითუმეტეს. გერმანული მქონდა სკოლაში ნასწავლი და ძალიან გამიჭირდა. თან ძირითადად ჩემს მეგობრებში ვტრიალებდი, ქართვეელებში და სულ ქართულად ვლაპარაკობდით. პირველად გასტროლზე რომ ვიყავი მარტო „იეს“, „ნოუ“ და „ჰაუ არ იუ“ ვიცოდი. მასპინძლებმა სავსე მაცივარი დაგვიტოვეს და გვითხრეს, როცა მოგშივდებათ მოურიდებლად ისარგებლეთო. კაი ხანი არ ვაღებდით მაცივარს, გვერიდებოდა. ბოლოს ძალიან მოგვშივდა და მეგობრებმა მთხოვეს, ჩადი მაინც ნებართვა აიღეო. ჩავედი და ლამის პანტომიმის თეატრი დავდგი, რომ ამეხსნა როგორ გვშიოდა და რა დაგვემართებოდა, რომ არ გვეჭამა. ბოლოს სიკვდილიც კი გავითამაშე (იცინის). გაგიჟდნენ, რად უნდა ამდენი ჟესტიკულაცია, ხომ გითხარით, ის მაცივარი თქვენთვის არისო... კიდევ ერთი კურიოზი მქონდა ჰოლანდიაში გასტროლზე. სატუმროს სადაც დავბინავდით ძალიან სიმპატიური ექიმი ჰყავდა ალბერტო. ერთ საღამოს ბარში ვზივართ და მელაპარაკება ალბერტო. არაფერი არ მესმის, ვიცინი და ყველაფერზე „იეს“ -ს ვეუბნევი. ბოლო „იესზე“ ხელკავი გამიკეთა და სადღაც მივყავარ. შევედით ლიფტში, ავედით მეექვსე სართულზე, 32-ივე კბილი მიჩანს, ყველაფერზე თავს ვუქნევ. მივადექით  ერთ-ერთ ნომერს. ვიფიქრე, თავის ნომერში შამპანურზე მეპატიჟება, რა კულტურული კაცია-მეთქი. შევედით ნომერში, დახურა კარი და მეცა უცებ, უნდა რომ მაკოცოს. მაკოცოსო?! რომ ავტეხე კივილი ქართულად, ვინ გგონვარ შენ-მეთქი და ვურტყამ რაც ძალი და ღონე მაქვს. მიშველეთ, ვყვირი. ვატო კახიძეს უცხოვრია მის გვერდით ნომერში (ჩვენი კომპოზიტორი იყო). მოვარდა ნომერთან, ატეხა ბრახუნი. გააღო ალბერტომ კარი, გაწითლებულია, ნაცემი, ყალყზე აქვს თმა დამდგარი. რა მოხდაო, მკითხა ვატომ. მოუყევი ყველაფერი. მიუბრუნდა ახლა ალბერტოს და ეკითხება რაღაცეებს. ლაპარაკი რომ დაამთავრა, მომიბრუნდა და მეუბნება, ქალო ყველაფერზე დათანხმებულხარ და აქ რა ცემა-ტყეპა აუტეხეო. ბოდიში მოუხადა და წამოვედით მისი ნომრიდან. თურმე უთქვია ამ კაცს ყველაფერი რასაც მიპირებდა და მე ვიკრიჭებოდი და „იეს“ ისეს“- მეთქი გავყვიროდი... მერე ვეძებდი ალბერტოს მარა სადღა ვიპოვე (იცინის). ასე დავკარგე ბედი.

- ემიგრაციის პირველ ხანებში არის პრობლემები, ნოსტალგია, რა გახსენდებათ ყველაზე მძიმედ ახლა?

- როგორ გითხრათ... ნოსტალგია ყველას გვაქვს. რატომ წამოვედი, რატომ დავრჩი, რატომ არ უნდა ვიყო რეალიზებული ჩემს ქვეყანაში..

- ფიზიკურად გიმუშავიათ?

- არა. თავიდან ბავშვებთან ვმუშაობდი, ძიძად, ბებოსთანაც მიმუშავია. თავიდან ძალიან გამიჭირდა. რატომ უნდა ვუვლიდე სხვის მოხუცს მეთქი, მიფიქრია, მაგრამ ისეთი კარგი ბებო შემხვდა, ამერიკელი, ძალიან დამეხმარა ენის სწავლაში. არ იყო ჩავარდნილი, ძირითადად ბიბლიოთეკაში დავდიოდით ერთად, კითხვა უყვარდა. დავბოდიალობდით იქით-აქეთ. 

- დღეს ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებთ, ეს არის თქვენი შემოსავლის ძირითადი წყარო?

- აქაც თეატრმა გადამარჩინა. სხვა შემთხვევაში ვერ დავრჩებოდი. ახლა ამ კულტურის ცენტრში პატარებს ვუდგამ სპექტაკლებს. მაგრამ ეს ჩემი სულიერებაა. შემოსავლის მთავარი წყარო, ბებიაა. მინდოდა მესწავლა, მაგრამ იმდენი თავის ტკივილი იყო, ჩემი ასაკისთვის ნამდვილად რთულია. 6 წელი ბავშვებთან ვიმუშავე. დღესაც ბებიასთან ვმუშაობ. ძალიან კარგი ბებო მყავს. ებრაელია და საქართველებისა და ებრაელების მეგობრობის ისტორიას ვუყვები ხოლმე. ფილმი „შინდლერის სია“ ამ ქალის ცხოვრებაზეა გადაღებული. სპილბერგი იყო მოსული მასთან, ერთად დაწერეს სცენარი. ეს ქალი გერმანელების ტყვეთა ბანაკში იყო. იქ დაიწერა ჯვარი. ამ ამბავზე რომანია დაწერილი „საქორწინო კაბა“. ახლა ფილმს იღებენ ამ რომანის მიხედვით და შემომთავა მეც ვითამაშო ამ ფილმში ერთ-ერთი მისი დის როლი. კინოსცენარი სოფი ლორენის შვილმა დაწერა. 

- ამ 14 წლის განმავლობაში ახალი „ალბერტო“ აღარ გამოჩენილა თქვენს ცხოვრებაში?

- კი გამოჩნდა. კალიფორნიაში ცხოვრობს. კომპოზიტორია, პროფესიონალი მუსიკოსი. კომპოზიციაც კი დაწერა თავის სიყვარულზე ჩემდამი. მაგრამ არ შედგა ჩვენი რომანი. როცა არ გიყვარს ადამიანი, მხოლოდ სიმპატიებით ოჯახს ვერ შექმნი. ის ნიუ იორკში ვერ გადმოვიდოდა. მე ჩემს თეატრსა და ბავშვებს ვერ მივატოვებდი და ვერ შედგა ურთიერთობა.

- რა არის თქვენთვის ეს კულტურის სახლი?

- სახლი, ცხოვრება, ენერგია, ყველაფერია. ეს მაძლებინებს, ჩემი ოჯახია.

- მოსწავლეებს შორის უცხოელებსაც მოვკარი თვალი...

- კი, 100 ბავშვი გვყავს. ამერიკელებიც გვყავს, მექსიკელებიც, ესპანელები, ჩინელები. ვასწავლით ქართულ ენა-ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, ქართულ ცეკვას, სიმღერას. სამი თეატრი გვაქვს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. ვდგამთ სპექტაკლებს, შემდეგ ქირით ვიღებთ დარბაზს სადაც იმართება პრემიერები. ერთი კვირის წინ „ბურატინოს“ პრემიერა გვქონდა, რომელიც მე დავდგი. 

- თქვენ როგორც მსახიობი თუ ხართ რეალიზებული დღეს?

- კი. ნიუ იორკის ქართულ თეატრში ვთამაშობ. ყველა სპექტაკლი ქართულად იდგმება და სულ ანშლაგებია. ახლა ხათუნა იოსელიანი იწყებს „ძველ ვოდევილებს“ სადაც ასევე დაკავებული ვარ.

- ბოლო კითხვის დრო დადგა... გამოიცნობ რას გკითხავ?

- დავბრუნდები თუ არა? რომ ჩამოვედი მალე დაბრუნება მინდოდა, ძალიან მეჩქარებოდა. ამერიკა ჭაობივითაა, გითრევს და გითრევს. ერთი სპექტაკლი დავდგით აქ, - „ფანჯრიდან დანახული გაზაფხული“. იქ ჩემი გმირი ასეთ სიტყვებს ამბობს: - „დავდივართ ამერიკის მიწაზე და გულით სამშობლოს დავატარებთ. აქ რამდენი ქართველიცაა, იმდენი პატარა საქართველოა. დავდივართ და ვფიქრობთ გულში შემონახული იმედით, - მე დავბრინდები. სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს.“... ასეა ზუსტად ყველა უნდა დავბრუნდეთ. „სამშობლოს სიყვარული დედის ნამღერი იავნანადან იწყება, ეს გრძნობა შენს სისხლს უერთდება, დიდ სიყვარულად იქცევა და შენს გულში მოკალათებული მთელი სიცოცხლე შენთან რჩება“ - ეს სიტყვებიც ერთ-ერთო სპეტქაკლიდანაა, ჩემი გმირი ამბობს.

 

ნინო მჭედლიშვილი

გიორგი ბუდაგოვი (ფოტო)

ნიუ იორკიდან სპეციალურად „პრაიმტაიმისთვის“