დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

14:05 06-18-2019
96

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო თანამდებობიდან ოფიციალურად გათავისუფლდა.

პრემიერ-მინისტრმა დავით სერგეენკო ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრად დაასახელა და ჯანდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ის საქმიანობას მმართველ გუნდში აგრძელებს. ამიერიდან ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძის მრჩეველი იქნება.

“დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკოდაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ეკა ტიკარაძე. დარწმუნებული ვარ, დათო ჩემი მრჩევლის პოსტზე იქნება ისეთივე წარმატებული და მნიშვნელოვანი საქმეების გამტარებელი, როგორიც მინისტრად ყოფნის პერიოდში. დათო იყო, არის და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი და ის არის ჩვენი საუკეთესო კადრი. დარწმუნებული ვარ, იმ ერთობლივი საქმიანობა, რომელიც გვექნება მომავალში, ჩვენ უფრო მეტი საქმის გაკეთების საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

სერგეენკო, რომელიც თეა წულუკიანთან ერთად „ქართული ოცნების“ უცვლელ და ყველაზე სტაჟიან მინისტრად ითვლებოდა, სამუშაო კაბინეტს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაემშვიდობა.

ჯანდაცვის უწყებას ამიერიდან ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს.

დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გაშვების მთავარ მიზეზად სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ჩავარდნა სახელდება.

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სფერო 2012 წელს ჩაიბარა და დღემდე არ შეცვლილა.

2018 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის გარდა მას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა პრობლემებზე ზრუნვაც დაევალა.

გარდა ამისა, დავით სერგეენკო სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ყოველთვის პოზიტიურად ფასდებოდა.

მიმდინარე წლის 21 მაისის NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, პოლიტიკოსების მიმართ განწყობის რეიტინგში ის თბილისის მერთან ერთად ლიდერობდა, 40 პროცენტით.