რატომ ტოვებს “ოცნების“ უცვლელი მინისტრი თანამდებობას -ყველაფერი დავით სერგეენკოს შესახებ

12:28 06-18-2019
136

პროფესიით ექიმი დავით სერგეენკო ჯანდაცვის სამინისტროს 7 წლიანი მმართველობის შემდეგ ტოვებს.

სერგეენკო, რომელიც თეა წულუკიანთან ერთად „ქართული ოცნების“ უცვლელ და ყველაზე სტაჟიან მინისტრად ითვლებოდა, სამუშაო კაბინეტს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ემშვიდობება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო სერგეენკომ 2012 წლის 25 სექტემბერს ჩაიბარა. მანამდე ის 6 წლის განმავლობაში საჩხერის სამედიცინო კლინიკის გენერალური დირექტორი იყო.

2018 წლის 15 ივლისს მისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ამ დღიდან დავით სერგეენკოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილებზე ზრუნვაც დაევალა.

დავით სერგეენკო „ქართული ოცნების“ მინისტრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფიგურად მიიჩნეოდა. სხვადასხვა სოციოლოგიურ და პოლიტიკურ კვლევებში მას- როგორც პერსონას და ასევე, მის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს ყოველთვის მაღალი შეფასება ჰქონდა.

მაგ: მიმდინარე წლის 21 მაისის NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, პოლიტიკოსების მიმართ განწყობის რეიტინგში დავით სერგეენკო თბილისის მერთან ერთად 40 პროცენტით ლიდერობდა. მისი რეიტინგი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მინისტრობის პერიოდში მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია სერგეენკოს გაპრემიერების შესახებაც.

დავით სერგეენკოს სახელი საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის ორ უმნიშვნელოვანეს პროგრამას უკავშირდება. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა.

დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გაშვების მთავარ მიზეზად სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ჩავარდნა სახელდება.

აღნიშნული პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიზანი სამედიცინო  მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა და ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯების შემცირება იყო.

თუ, 2013 წლამდე ჯანმრთელობის დაზღვევით მხოლოდ სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, 5 წლამდე ბავშვები, შშმ ბავშვები და სხვა სარგებლობდნენ, 2013 წლიდან  სახელმწიფო დაზღვევა გავრცელდა ყველა იმ მოქალაქეზე, ვინც ჯანმრთელობის კერძო სადაზღვეო პაკეტით არ სარგებლობს.

თუმცა, არსებობს კრიტიკული კითხვებიც, რომელიც ამ პროგრამის სტრუქტურის გარშემო ოპოზიციას აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ხშირად აპელირებენ იმას, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების მართვას.   მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა საკმარისი არცერთხელ აღმოჩნდა.

ბიოგრაფია:

ჯანდაცვის მინისტრობამდე დავით სერგეენკო 6 წლის განმავლობაში საჩხერის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი იყო .  2002- 2016 წლებში „ MediClubGeorgia-ში - სამედიციცინო მენეჯერი იყო. სხვადასხვა პერიოდში იყო ჯოენის სამედიცინო ცენტრი- ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, საქართველოს სპორტის დეპარტამენტში სამედიცინო სამსახურის უფროსი, საქართველოს შეიარაღებული ძალებში- საავიაციო პოლკის ექიმი, რუსთავის სამშობიარო სახლში- ექიმი-ნეონატოლოგი.  1987-1989 წლებში იყო სოხუმის ბავშვთა საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი.

დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას წინ უძღვოდა საკადრო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრის პირველ მოადგილედ ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა ახვლედიანი დაინიშნა.

სერგეენკოს შემცვლელად არაოფიციალური ინფორმაციით, საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას არც პირად საუბრებში და არც ოფიციალური კომენტარის დროს მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ.