აქტიური რეზერვის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს

08:05 06-18-2019
12

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია აქტიურ რეზერვში მოქალაქეების მიღებას განაგრძობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად ტერიტორიული რეზერვის შესახებ პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინა.

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა სტუდენტებთანტერიტორიული რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მათ აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.

ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი უნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, სამხედრო სამსახურის პერიოდში რეზერვისტის წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები 2700 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.