ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის შეფასების ანგარიშს აქვეყნებს.
IDFI- ს მონაცემებით, 2019 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 53%-ია, რაც 18%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა 2019 წელს IDFI-მ 100 საჯარო დაწესებულებაში შეისწავლა და ამ მიზნით საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის ადმინისტრაციის, 11 - სამინისტრო/სახელმწიფო მინისტრის აპარატის, 86 - სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის და საქვეუწყებო დაწესებულების ვებ-გვერდების დეტალური მონიტორინგი განახორციელა.
IDFI -ის ანგარიშის თანახმად, 100 საჯარო დაწესებულებიდან, 2019 წლის მაისის მდგომარეობით, 15-ს საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებგვერდი ან ვებ-გვერდზე არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება;
2019 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 53%-ია, რაც 18%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;
2019 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით არც ერთ უწყებას არ ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია;
ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მაღალი (98%) შეფასება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ მიიღო, ყველაზე დაბალი კი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ (39%);
2014 წელთან შედარებით, 13 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 9-მ, გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი;
საჯარო სამართლის იურიდიული პირების და საქვეუწყებო დაწესებულებების ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 47%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც მათი ზემდგომი უწყებების (სამინისტროების) საშუალო მაჩვენებელი 76%-ია;
სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული უწყებების დაახლოებით 40%-ს, პროაქტიულად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 30%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე;
საჯარო დაწესებულებებისათვის ყველაზე პრობლემური საკითხი ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება იყო;
არცერთ შეფასებულ საჯარო დაწესებულებას არ ჰქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია ღია მონაცემების (CSV ან XML) სახით. 31 საჯარო დაწესებულებას კონკრეტული ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული ჰქონდა Excel-ის ფორმატში;
მხოლოდ 48 საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი განვლილ წლებში პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის არქივი.