Exclusive „ფაიფურის სამაჯურს ნუ დავარქმევთ „მადონას სერვიზს“ - დალი ჩიტალაძე დემნას ახალ ჰიტებზე

14:53 06-13-2019
1594

17 ივნისს ს Vetements-ის ახალი ჩვენებაა პარიზში და ქართული მოდის ექსპერტი და სტილისტი დალი ჩიტალაძე ჩასაფრებული ელოდება ამ დეფილეს. მანამდე კი დალი „პრაიმტაიმთან“ დემნას ბოლო ნამუშევრებზე საუბრობს, რომელიც Demna Gvasalia Daily-მ გაავრცელა და მას ქართველებმა სამზარეულოს „კლიონკა“ და „მადონას სერვიზი“ უწოდა. 

დალი ჩიტალაძე: - ფაიფურის სამაჯურს „მადონას სერვიზი“ დავარქვით. მაშინ ყველაფერს „მადონას სერვიზს“ ვეძახდით, ეხატა თუ არა ჭურჭელზე მადონა. მოდით, ფაიფურის სამაჯურს ნუ დავარქმევთ „მადონას სერვიზს“. ახალი ტენდენციაა ფაიფურის აქსესუარები. დემნამ შემოიტანა და აიტაცეს, ისევე როგორც, მის მიერ დამკვიდრებული ბევრი რამ, მათ შორის დიდი და უფორმო ბოტასი. ყველა დიდი ბრენდი უკვე ასეთ დიდ ბოტასს აკეთებს. დემნამ ორი წლის წინ 90-იანი წლების უტრირებული წვეტები გაუკეთა ფეხსაცმელს. ჩემს მეგობარს იმ პერიოდში, 90-იან წლებში ლამაზი ვერსაჩეს თეთრი ჩექმა ვაჩუქე. ახლა ტრენდულია თეთრი ფეხსაცმელი. ეს ჩექმა ახლახან მოვიკითხე და ჩემმა მეგობარმა მითხრა, წვეტი საკმარისად არ მოგვეჩვენა და მეწაღეს დავამატებინეო. დემნამ ზუსტად იცის ადამიანის ფსიქოლოგია და იმ 90-იანების სტილში გააკეთა გრძელწვეტიანი ფეხსაცმელი, რომელიც „ბალენსიაგას“ ჰიტად იქცა. დაპოპულარული მოდელია. ყველანაირ ფეხს ალამაზებს. 

width=600

დემნა არის მემბოხე და რევოლუციონერი, მთელი მსოფლიო გადარია და ჩვენი, 90-იანი წლების სიურეალიზმი მოდაში გადმოიტანა. ეს მსოფლიოს არ ენახაა. გაამართლა და ტრენდი გახადა. როგორი გენიალურობა უნდა გქონდეს, რომ ტრენდი გახადო ის, რაც მსოფლიომ არ იცის და ვერც წარმოედგინა, რომ ოდესმე ჩვენ ამ ყველაფრით ვცხოვრობდით. მისგან არც „კლიონკის“ ფეხსაცმელი გამკვირვებია სანთებელას ქუსლით. ჩავიცვამდი ამ ფეხსაცმელს, რატომაც არა? მე განსხვავებული ფეხსაცმელი მიყვარს და არის ასეთები ჩემს გარდერობში.

რა თქმა უნდა, „ბალენსიაგაში“ რაღაც ჩარჩოები აქვს, თუმცა ამას მისთვის რევოლუციის მოხდენაში ხელი არ შეუშლია. სხვანაირი ქალი დაგვანახა, ცოტა მახინჯი, უფორმო კოსტიუმები... დემნას მოდის წყალობით, მეუღლეს გარდერობი გავუფუჭე. დავერიე მის პიჯაკებს, შარვლები გადავუკეთე. დიდი პიჯაკები რომ გამოვიდა, იმ პერიოდში ვერც პარიზში მივდიოდი, არც „ბალენსიაგას“ ყიდვის საშუალება მქონდა. გამოვაღე გარდერობი, ავიღე ჩემი ქმრის პიჯაკი და ხან ქამარს ვუკეთებდი, ხან ისე ვიცვამდი. თან დემნას ვლოცავდი, გაიხარე, ბევრი ქალის გარდერობი განაახლე ქმრების პიჯაკებით-მეთქი. გარდა ამისა მთელ მსოფლიოს ქართული წარწერებით ჩააცვა მაისურები, ქართული დროშის ქურთუკები გამოუშვა, აფხაზეთი წააწერა. ეს დიდი საქვეყნო საქმეა. 

width=600

ავტორი: თამარ გონგაძე