მიმართვიანობის რაოდენობის ზრდა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე მეტყველებს - ფსიქოლოგი ბავშვებზე ძალადობის სტატისტიკაზე

13:30 06-13-2019
55

„პრობლემა პრობლემად რჩება, უბრალოდ ის, რომ ამ პრობლემებზე რეაგირება და მიმართვიანობის რაოდენობის გაზრდა დაიწყო, სამოქალაქო ცნობიერების ცოტათი, მაგრამ გაზრდაზე მეტყველებს“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ ბავშვთა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის სტატისტიკაზე, რომელიც მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ მიმართვიანობის გაზრდის შემთხვევაში, შემცირდება ძალადობის რიცხვიც.

„ველოდები რომ შეიძლება სამომავლოდ, რადგან რეაგირების ზრდის ფაქტი სახეზე გვაქვს, ამან გარკვეული გავლენა მოახდინოს სტატისტიკის შემცირებაზე“, - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

დღეს შსს-მ სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 პირი ამხილეს, რომელთაგან 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი.

შსს-ში განმარტავენ, რომ 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. თუმცა, კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.