ვინ არის გურული მშვიდობაძე, რომლის ფოტოც ნიუ-იორკში გამოსახეს

11:03 06-13-2019
1167

„ნიუ იორკში (Hudson Street between Clarkson and West Houston, West Village) მოხატეს უზარმაზარი კედელი, სადაც გამოსახულია Ellis Island-ზე ჩასული ემიგრანტების პორტრეტები, მათ შორისაა გურული მშვიდობაძე“, - დაწერა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ცნობილმა რეჟისორმა და მწერალმა ირაკლი მახარაძემ, რომელმაც არაერთი კვლევა მიუძღვნა აშშ-ში წასულ გურულ მოჯირითეებს.

„პრაიმტაიმს“ გურული მშვიდობაძის შთამომავალი, ნინო მშვიდობაძე უყვება, რომ მოხატულ კედელზე მისი წინაპარი ამოიცნო.

„ეს გურული მშვიდობაძე არის ბაბუაჩემის ვახტანგ მშვიდობაძის ბაბუა ბათლომე მშვიდობაძე, რომელიც გურულ მოჯირითეებთან ერთად წავიდა ამერიკაში. მახსოვს იქედან გამოგზავნილ წერილს როგორი რუდუნებით ინახავდნენ ჩვენს ოჯახში. ბათლომე წერდა, რომ ძალიან ენატრებოდა სოფელი ჯუნეწერი. აქანა კაია ნამეტარი მარა ჩემი სოფლის გზაზე გამარონია ახლა, მეტი აფერი არ მინდაო“ , - ეწერა წერილში.

ბათლომე ამერიკაში გარდაიცვალა და იქ არის დაკრძალული.

ცნობისთვის, გურული მხედრები ამერიკაში მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ. ისინი აკეთებდნენ იშვიათ ტრიუკებს ჯირითის დროს და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათი შოუს აუცილებელი ატრიბუტი იყო ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ტანისამოსი. მათ დიდი გავლენა მოახდინეს ადგილობრივ კოვბოებზე. ამ შოუების აქტიური მაყურებლები იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტები, ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთ ქართველ მოჯირითეს, გიორგი ჩხაიძეს, საჩუქრად ლანგარი და ბეჭედი გადასცა.

ქართველ ცხენოსნებს თეთრ სახლშიც ეპატიჟებოდნენ. ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი მიიღო პრეზიდენტმა უილიამ მაკ-კინლიმ, დიმიტრი და ფრიდა მგალობლიშვილები კი გროვერ კლივლენდმა.

width=600

ავტორი: ლაშა სარჯველაძე