ბორჯომის გზაზე კაცის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა - დაკავებულია 3 პირი

09:51 06-13-2019
1668

ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

შსს ინფორმაციით, ერთი მათგანი განზრახ მკვლელობისთვის არის დაკავებული, ორი კი ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისთვის.

დადგინდა, რომ ბრალდებულები მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ავტოგასამართ სადგურში მივიდნენ და ძალადობის მუქარით ოპერატორი გაძარცვეს.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამნაშავეთა ვინაობა დანაშაულების ჩადენიდან რამდენიმე საათში დაადგინა და სამივე მათგანი მალევე დააკავა.

ბორჯომის გზაზე 60 წლამდე ასაკის კაცი საკუთარ მანქანაში მოკლული მისმა მეუღლემ იპოვა.

მოკლულის მეუღლის თქმით, მანქანა სავაჭრო ჯიხურად ჰქონდათ გადაკეთებული. თავად ღამით ბორჯომში მიდიოდა სახლში, მისი ქმარი კი მანქანაში რჩებოდა. დილით ადგილზე მისულ ქალს კაცი მოკლული დახვდა.

მეზობლები მოკლულს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ის უკონფლიქტო იყო.

წაღვერში ბენზინგასამართ სადგურზე რეპსოლი ადასტურებენ, რომ გამთენიისას 05:30 საათზე საწვავისთვის მისულმა სამმა ახალგაზრდამ თანხის გადახდაზე უარი თქვა და სადგურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.