საქართველოს სურს, გახდეს გლობალური ბაზრების სრულუფლებიანი წევრი - მამუკა ბახტაძე

20:24 06-12-2019

ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში გაბედული ნაბიჯები იდგმება სახელმწიფო ბიუჯეტის 25 პროცენტის გამოსაყოფად განათლებისა და ადამიანური კაპიტალისთვის, რათა მეტი წარმატების საშუალება მივცეთ ჩვენს ხალხს დღევანდელ და სამომავლო ეკონომიკურ რეალობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე სხვადასხვა მიმართულებით, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

„ჩვენ ვისწრაფვით ოქროს სტანდარტის დამკვიდრებისკენ ბიზნესის კეთების სიმარტივისა და იურიდიული ჩარჩოს გამჭვირვალობის სახით. ინვესტიციები იქ ხორციელდება, სადაც ყველაზე ცოტა ბარიერია. დღეს საქართველო მესამე ადგილზეა საგადასახადო განაკვეთებისა და სახეობების სიმცირით, მე-7 ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, მე-8 ადგილზეა სახელმწიფო რეგულირების ტვირთის შემსუბუქების კუთხით და ევროპის პირველ ოცეულში ვართ სამართლის უზენაესობის მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, მე-6 ადგილზე ვართ. კორუფციის წინააღმდეგ ჩვენი წარმატებული ძალისხმევა ყველასთვის კარგადაა ცნობილი. საქართველო ჩამოყალიბდა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკად დემოკრატიული მმართველობისა და სამართლის უზენაესობის პირობებში. საქართველოს სურს, გახდეს გლობალური ბაზრების სრულუფლებიანი მონაწილე და წევრი. ჩვენი სურვილია საქართველოს ყველაზე ეფექტურად ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში. ჩვენი სტრატეგია გულისხმობს საქართველოს გადაქცევას საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკის, ტურიზმის, განათლებისა და ინოვაციების რეგიონულ ცენტრად. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული საკვანძო ეკონომიკურ სივრცეებთან. განსაკუთრებით მსიამოვნებს, რომ ველით ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ძალიან მახარებს საქართველოში მოქმედი ამერიკული კომპანიების გაზრდილი რაოდენობა. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ვაჭრობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ხელი შევუწყოთ ამერიკული კომპანიების გაზრდილ საქმიანობას სამყაროს ჩვენს ნაწილში, რაც ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო ბაზრად მიიჩნევა“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.