„ძლივს შეგროვებული ფულით ჩამოსული ქართველები გამოყარეს“ - ქართული სათვისტომო ისრაელში

19:42 06-12-2019
2599

ისრაელიდან ქართული სათვისტომოს წევრი, ქრისტი ტატიშვილი „პრაიმტაიმს“ უყვება, თუ როგორ აყარეს სამუსაო ადგილებიდან ქართველები და ციხეებში უკრეს თავი. ის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს, როცა უწყეა აცხადებს, რომ ისრაელში ქართველების მასობრივ დაკავებას ადგილი არ ჰქონია.

მისი ინფორმაციით, მხოლოდ ერთი სადაზღვეო კომპანიის ოფისიდან 50 დასაქმებული ქართველი დაადეპორტა ისრაელის საემიგრაციო სამსახურმა. ხოლო სავაჭო ობიექტიდან 30 ქართველი გამოაძევეს.

„მართალია, ისრაელში მუდმივად მიმდინარეობს არალეგალებზე ზედამხედველობა, მაგრამ დღევანდელი სპეცოპერაცია განსაკუთრებულად მასშტაბური იყო. მხოლოდ ერთი ოფისიდან, რომელიც ერთ-ერთ სადაზღვეო კომპანიას ეკუთვნის, 50 ქართველი დაადეპორტეს. ამავე ოფისში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მუშაობენ, მაგრამ დეპორტაციაში მხოლოდ ქართველები მოყვნენ.

სხვა ერების წარმადგენლებს არავინ შეხებია. საქართელოში რომ ნორმალური ცხოვრების საშუალება ჰქონოდათ, ახლა სხვის მიწა-წყალზე ლუკმა-პურის მაძიებლები არ ვიქნებოდით. იძულებულები გაგვხადეს, რომ საქართელო დაგვეტოვებინა, არც მანდ დაგვაყენეს და არც საზღვარგარეთ გვაჩერებენ. ახლა ჩვენი ქართველები სადეპორტაციო ციხეში არიან და ძლივს ნაშოვნი ფულით ჩამოსულები ახლა ისევ შიმშილისთვის განწირულები, უკან, საქართველოში იძულებით ბრუნდებიან.

სამარცხვინოა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, ვითომ მასობრივი დეპორტაცია არ მომხდარა. ეს სიცრუეა! მხოლოდ ქართველები არიან ახლა საემიგრაციო სამსახურის სადეპორტაციო ე.წ. სასტუმროში, რომელიც რეალურად ციხეა,  - აცხადებს ქრისტი ტატიშვილი.  

შეგახსენებთ, დღეს ისრაელიდან მიგრანტების დეპორტაციის ამსახველი კადრები გავრცელდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარზე განაცხადა, რომ ქართველების მასობრივ დეპორტაციას ადგილი არ ჰქონია.

ავტორი: თამარ ბუჩუკური