„ოქროს სიის“ გაუქმება ბიზნესს თანაბარ მდგომარეობაში აყენებს- აფბას ვიცე პრეზიდენტი

18:18 06-12-2019
17

ე.წ. „ოქროს სიიაში“ შემავალი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების ვადასთან დაკავშირებით შეღავათის გაუქმებას ეკონომისტთა ნაწილი დადებითად აფასებს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ტიპის საგადასახადო შეღავათი უნდა ითვალისწინებდეს თანაბარი მიდგომის პრინციპს ყველა კატეგორიის ბიზნესისთვის. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია. 

„„ოქროს სიაში“ შემავალი იმპორტიორი კომპანიებისთვის დაწესებული პრეფერენციული რეჟიმით, რაც იმპორტის გადასახადის 30 დღემდე გახანგრძლივებას გულისხმობდა, არათანაბარ და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში რჩებოდა სხვა, ათიათასობით კომპანია, რომლებიც ასევე, იხდიან იმპორტის გადასახადს. თუ სახელმწიფოს სურს, ბიზნესის ინტერესების გათვალისწინება, მაშინ ის არ უნდა არჩევდეს კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფებს და მათთვის არ უნდა აწესებდეს განსაკუთრებულ პრეფერენციებს, მით უმეტეს, როცა საუბარია იმპორტიორ კომპანიებზე და არა ადგილობრივ მეწარმეებზე, რომლებიც დამატებით ღირებულებას ქმნიან და პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელსაც ზრდიან.“ - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბარში პაატა ბაირახტარმა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის მიერ 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ამოქმედდა, რომლის თანახმად, კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა და კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევთ.

ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმებასტან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსგან განმარტებას ითხოვენ ის კომპანიები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ. მათი, თქმით გადაწყვეტილება ბიზნეს წრეებთან შეთანხმების გარეშე მოხდა. გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა იმპორტიორმა კომპანიებმა სერიოზული ფინანსური ზარალი ნახონ. 

ავტორი:  შოთა ფალავანდიშვილი