სოფელ ძირულაში 50-მდე მუშა მე-3 დღეა გაფიცულია და ხელფასს ითხოვს

16:33 06-12-2019
28

ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში, 50-მდე მუშა მე-3 დღეა შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა. ინფორმაციას ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

დასაქმებულების თხოვნით, ადგილზე დღეს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ლიდერები ჩავიდნენ.

შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა“ დასაქმებულებს არასრული სახელფასო ანაზღაურება გადაუხადა, რაც მუშებში უკმაყოფილების მთავარი მიზეზი გახდა. შედეგად მშრომელები მე-3 დღეა გაფიცულები არიან და შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა პარალიზებული აქვთ.

პროფკავშირი მოუწოდებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“_ს , სამუშაო პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და მედიაციის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოს კოლექტიურ შრომით დავაზე, მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესის დაწყება.

პროფკავშირის წარმომადგენლებმა და გაფიცულთა საინიციატივო ჯგუფმა, დღეს ერთობლივად დაგეგმეს სამოქმედო ნაბიჯები. ნათქვამია პროკფკავშირის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ფოტო: რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი