ვერ დავეთანხმები ყოფილი მინისტრის მოსაზრებას, რომ ანაკლიის პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი არ არსებობდა - ნათია თურნავა

16:13 06-12-2019
12

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მისი წინამორბედის, გიორგი ქობულიას განცხადებას, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი არ არსებობდა, არ ეთანხმება. 

„ანაკლიის პორტის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სოლიდურია მისი ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება. ამიტომ პრინციპულად ვერ დავეთანხმები იმ ადამიანების, მათ შორის ყოფილი მინისტრის მოსაზრებას, რომ პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი არ არსებობდა„ განაცხადა თურნავამ.

თურნავას განცხადებით, პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთებაა სწორედ ის საფუძველი, რითიც აიხსნება ოთხი სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტის მაღალი ინტერესი პროექტის მიმართ.

„ეს ორგანიზაციები აწარმოებენ ჩვენთან მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ პროექტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და კომერციულადაც ძალიან მიმზიდველი პროექტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აშშ-ში იმყოფება.

გიორგი ქობულიამ  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“  განაცხადა, რომ  ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკურად დასაბუთებული ანალიზი მისი მინისტრობისას არ არსებობდა.