ემინემის, ნირვანას და ელტონ ჯონის ლეგენდარული სიმღერები ხანძარმა გაანადგურა

16:07 06-12-2019
2948

სერ ელტონ ჯონის, არეტა ფრანკლინის, ნირვანას, ემინემისა და ათასობით ცნობილი შემსრულებლის მუსიკალური ალბომები და სინგლები ხანძრის შედეგად განადგურდა.

საუბარია 2008 წელს, ჰოლივუდში Universal Studios საწყობში მომხდარ ხანძარზე, რომლის შედეგებიც New York Times-მა ახალი ანგარიშის სახით გუშინ გამოაქვეყნა.

როგორც დასავლურ მედიაში ამბობენ, განადგურდა ისეთი სიმღერების ჩანაწერები, რომელთაც მუსიკის ისტორია შეცვალეს.

ანგარიშის თანახმად, ხანძარმა 500 000-მდე სიმღერის ჩანაწერი გაანადგურა. მათ შორის არის რეი ჩარლზის, ერიკ კლეპტონის, ჯონი მიჩელის, სნუპ დოგის, მერი ჯეი ბლაიჯის, Guns N’ Roses, REM და სხვა ცნობილი შემსრულებლების სიმღერების ორიგინალი ვერსიები და სტუდიური ჩანაწერები, რომლითაც ნებისმიერი ფორმატის ასლის შექმნა შეიძლებოდა.

New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა Universal Music Group. კომპანიამ აღიარა, რომ ხანძარი „უაღრესად სამწუხარო ფაქტი“ იყო, თუმცა ამ შემთხვევას „მუსიკალური ჩანაწერების კომერციულ გაშვებაზე უარყოფითად არ უმოქმედია და არც შემსრულებლები დაუზარალებია“.