ხარაგაულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია

15:50 06-12-2019

ხარაგაულში 7 ივნისს მომხდარი სტიქიიდან მეხუთე დღეს, ძირითადი სალიკვიდაციო სამუშაოები  თითქმის დასრულებულია.  ხარაგაულის მერიის სამსახურების 24 საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად,  ამ დროისთვის შლამისგან გაწმენდილია გზები და მდინარის კალაპოტები. დროებითი სარგებლობისთვის აღდგენილია ხიდები. გაიწმინდა და მსუბუქი ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისთვის გარკვეულ მონაკვეთებზე მოიხრეშა მარელისის მხრიდან სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი გზა. მოეწყო სოფელ ლაშედან ხემაღალი, ღვერკი, ხორითის დამაკავშირებელი ალტერნატიული ხიდი.
შეგახსენებთ რომ, 7 ივნისს უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ჩხერიმელამ და ლეღვნულამ ხარაგაულის სოფლებში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ დააზიანა როგორც მუნიციპალური ასევე, კერძო ინფრასტრუქტურა.

სტიქიის შედეგების პრევენციისთვის შექმნილ კომისიასთან ერთად, ზარალის აღწერაში, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში  პირადად იყვნენ ჩართული იმერეთის მხარის პირველი პირები და ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზარალმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის აღწერილია როგორც მუნიციპალური ზარალი ასევე, კერძო საკუთრებაზე მიყენებული ზიანი. სტიქიის შედეგების  დროულად აღმოფხვრისთვის დაწყებულია მყისიერი ზომების მიღება.

იმერეთის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ დღეების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან. მხარეთა ერთობლივი მუშაობის მიზანია ხარაგაულის მოსახლეობამ წყალი 24 საათიანი გრაფიკით უმოკლეს ვადაში მიიღოს. გაცნობებთ, რომ სტიქიამ ხარაგაულში წყლის მთავარი მაგისტრალის 2 კილომეტრიანი მილი დააზიანა, რის შემდეგაც ხარაგაულს წყალმომარაგება შეუწყდა და მოსახლეობას წყალი სპეციალური ცისტერნებით მიეწოდება.

როგორც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებენ პირველ რიგში, 15-16 ივნისიდან ხარაგაულის მოსახლეობას სასმელი წყალი, დროებით, გრაფიკით აღუდგება.  პარალელურად მიმდინარეობს ალტერნატიული ჭაბურღილის მოწყობა,  რისთვისაც, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდებათ. ზუსტად ეს დრო სახელდება კომპანიაში, რომლის გასვლის შემდეგაც ხარაგაულის მოსახლეობა სასმელი წყლის მიღებას დღე-ღამის განმავლობაში შეძლებს. რაც შეეხება ლეღვნის წყლის დაზიანებული მილის აღდგენას, სამუშაოები ჰიდროგეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყება.