აკაკი ზოიძე - C ჰეპატიტის პროგრამაზე ჭიაბერაშვილის განცხადება პოპულიზმია

15:32 06-12-2019
18

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე C ჰეპატიტის პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ კრიტიკას ეხმაურება.

მისი შეფასებით, ჭიაბერაშვილის განცხადება პოპულისტურია, ხოლო მოცემულობას რომელიც ამ პროგრამასთან მიმართებაში არსებობს თავისი მიზეზები აქვს.

კრიტიკა - რატომ არ ხდება თანხების ათვისება მიუღებელია. რეალურად საქმე იმაშია, რომ ერთწლიანი საინფორმაციო კამპანიის პირობებში, მაშინ როდესაც სოციალურად დაუცველებისთვის გამოკვლევები უფასოა, ხოლო დანარჩენებისთვის მიზერული თანხაა გადასახდელი, რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები მკურნალობას არ იტარებენ. რატომ ხდება ასე? რატომ არ სურთ ადამიანებს სიცოცხლე გაიხანგრძლივონ წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა ის, რომ 40 ათასმა მოქალაქემ მათთვის გამოყოფილი რესურსი არ გამოიყენა ამაში მთავრობის არაეფექტურობა არაფერ შუაშია“,- აცხადებს აკაკი ზოიძე.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კრიტიკას იმ ნაწილშიც პასუხობს, რომლის მიხედვით, ე.წ. სწრაფი ტესტის უფასოდ გავლა ამბულატორიული პაციენტებისთვის შესაძლებელი არ არის. ზოიძე ამბობს, რომ მთავრობა ამ მიდგომის შეცვლას წლის ბოლოდან გეგმავს, ამის შესახებ შეიტყო ოპოზიციამ და ახლა ცდილობს ინიციატივა საკუთარ აქტივში მიიწეროს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ პროგრამის  მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება, რასაც მისივე თქმით, პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.

ჭიაბერაშვილს ჯანდაცვის სამინისტროშიც უპასუხეს. სერგეენკოს უწყებაში აცხადებენ, რომ პროგრამა წარმატებულად მიმდინარეობს და გარკვეული ბარიერები სხვადასხვა მექანიზმითაა გადაჭრილი.