ლევან კობერიძე პარლამენტში ფინანსთა მინისტრის და სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაბარებას ითხოვს

15:01 06-12-2019

დეპუტატი ლევან კობერიძე პარლამენტში ფინანსთა მინისტრის და სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაბარებას მოითხოვს. 

კობერიძის განცხადებით, მას კითხვები აქვს დანაშაულთან  დაკავშირებით, რომლის შედეგად ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარზე მეტის მითვისება მოხდა. 

ასეთი მასშტაბის საქმე ნაკლებად მახსენდება შევარდნაძის პერიოდის შემდეგ. მაქვს ეჭვი, რომ ასეთი მოცულობის სქემა ვერ იმუშავებდა მაღალჩინოსნების ხელშეწყობის გარეშე და ვფიქრობ, მხოლოდ სამი კაცის დაკავება საკმარისი არ არის“,-აცხადებს ლევან კობერიძე. 

ამასთან, დეპუტატი ზოგადად კორუფციის მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს, და არ გამორიცხავს საკანონმდებლო ორგანოში შეიქნმას ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით რეკომენდაციებს მოამზადებს. 

30 მილიონ ლარზე მეტის მითვისების და სამი პირის პასუხისგებაში მიცემის საქმეზე ოფიციალური განცხადება გუშინ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა. 

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  დაარეგისტრირეს კომპანიები, რის შემდეგაც, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები. თითქოსდა, ხდებოდა სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება, რა გზითაც, ხელოვნურად შეიქმნეს  ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში. აღნიშნული აქტივი შემდგომში გამოყენებული იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებებისა და საქართველოში იმპორტირებული საქონლის განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისათვის. ბრალდებულების მიერ ფიქტიურად შექმნილი აქტივის ოდენობა 30 000 000 ლარს აღემატება“,- ნათქვამია საგამოძიებო ორგანის განცხადებაში.