ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით ჭიაბერაშვილის პრეტენზიებს პასუხობს

14:41 06-12-2019
26

ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ზურაბ ჭიაბერაშვილის პრეტენზიებს პასუხობს. 

ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსის შეფასებით, პროგრამა ქვეყანაში საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ეკა ადამიას განცხადებით, ელიმინაციის ამოქმედებიდან დღემდე, ანუ 2019 წლის ივნისის მდგომარეობით, სკრინინგული კვლევა ჩატარებული აქვს 1 700 000-ზე მეტ პირს, მათგან დიაგნოსტიკური კვლევა ჩატარებული აქვს 60 000-მდე ადამიანს. ხოლო მკურნალობის პროცესი დამთავრებული აქვს 55 000-მდე პაციენტს.

მისივე თქმით,  პროგრამის გარკვეული ბარიერები სხვადასხვა მექანიზმითაა გადაჭრილი.

„ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმი არის პროექტის დეცენტრალიზაცია, რაც გულისხმობს პროგრამის გავრცელებას, არა მხოლოდ სკრინინგული და სწრაფი მარტივი ტესტის გავრცელებას, არამედ მთლიანად პროგრამის მკურნალობის და მოვლის სერვისების გავრცელებას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში და ზიანის შემცირების ცენტრებში. ქვეყნის მასშტაბით, პროექტი გულისხმობს, რომ მინიმუმ ერთი დაწესებულება უნდა იყოს ყველა მუნიციპალიტეტში, და ამ პროექტის ფარგლებში ამ პროგრამაში უკვე ჩართულია 14 დაწესებულება. მათ უკვე სერიოზული მიღწევები აქვთ. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია 21 დაწესებულების ჩართვა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად  ყველა მისამართზე, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებლობა რომ პაციენტებმა ცე ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობის სერვისები ჩაიტარონ სწორედ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში“,- განაცხადა ეკა ადამიამ. 

მისივე თქმით, სწრაფი, მარტივი კვლევა, ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით ყველა დონეზე. 

„კვლევა სავალდებულოა სტაციონირებული ყველა პაციენტისთვის და გარდა ამისა, ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში. ასევე ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. უფრო მეტიც, ის ხელმისაწვდომია ისეთ არასამედიცინო დაწესებულებებში, როგორიცაა იუსტიციის სახლები“ - განაცხადა ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის  მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება. რასაც  ადასტურებს პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც. მისი თქმით, საგანგაშოა, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 4.7 მლნ ლარი დახარჯა.