შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის - დემონსტრანტებს ჰონგ კონგში რეზინის ტყვიები ესროლეს

14:32 06-12-2019
26

ჰონგ კონგში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასარბევად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ქალაქის მთავარი ქუჩები და სამთავრობო შენობებთან მისასვლელი გზები. მათ პოლიციის ოფიცრებს აგურები დაუშინეს.

ჰონგ კონგის ახალგაზრდა მოსახლეობა ჩინეთში ექსტრადაციის შესახებ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებს. საკანონმდებლო ცვლილებით, ჰონგ კონგიდან, მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების, კონტინენტურ ჩინეთზე გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამ ცვლილებას მოსახლეობა მიუღებლად მიიჩნევს.

მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, ჩინეთის ხელისუფლება კანონის დამტკიცებას მაინც გეგმავს. კანონპროექტს კენჭს 20 ივნისს უყრიან.