რამდენად უსაფრთხოა თბილისის ზღვაზე და ტბებზე ბანაობა - მაშველების რეკომენდაცია

12:13 06-12-2019
136

რამდენად მაღალია თბილისის ზღვაზე და ტბებზე საფრთხის შემცველი ზონები და როგორ უნდა დაიცვას თბილისის მოსახლეობამ უსაფრთხოება გართულებების თავიდან ასარიდებლად. ამასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა შესაბამისი რეკომენდაცია გაავრცელეს.

წყალზე სამაშველო თბილისის სამმართველოს უფროსი ნოდარ ჭუმბაძე თბილისის ზღვაზე და ტბებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მაშველები თბილისელების უსაფრთხოებისთვის 24-საათიან რეჟიმში აქტიურად მუშაობენ:

„დღეის მდგომარეობით, ქალაქის მასშტაბით საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურს სამაშველო დანაყოფები განთავსებული ყავს თბილისის ზღვაზე, კუს ტბაზე, მტკვარზე და ლისის ტბაზე, სადაც 24-საათიან მორიგეობას აწარმოებენ წყალზე სამაშველო დანაყოფთა ჯგუფები. გვაქვს თანამედროვე სწრაფმავალი მცურავი საშუალებები, რომლებიც გვიადვილებს მუშაობას. თბილისის ზღვაზე გამოყოფილია საბანაო ზონა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საბანაო ზონა შემოფარგლულია შესაბამისი მანიშნებელი ტივტივებით, რაც განსაზღვრავს ბანაობისთვის ნაკლებად საშიშ ტერიტორიასა და ზონას. იქ დღის განმავლობაში 20-მდე მაშველი შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობით მორიგეობს, რომლებიც უზრუნველყოფენ მობანავეთა უსაფრთხოებას. ისეთ ადგილებში, სადაც საშიშია ბანაობა, მაშველები მოქალაქეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე აფრთხილებენ. 24 საათის განმავლობაში შეტყობინების საფუძველზე ახდენენ ღამის პირობებშიც რეაგირებას, აწარმოებენ როგორც ზედაპირულ სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს, ასევე წყალქვეშ საძიებო სამუშაოებს.“

ნოდარ ჭუმბაძე ამბობს, რომ მაშველები აქტიური მუშაობის მიუხედავად, მოქალაქეების დაუდევრობის საფუძველზე დღის განმავლობაში არაერთ რეაგირებას ახდენენ:

„ამის მიუხედავად, მოქალაქეთა დაუდევრობის გამო ფატალური შედეგებიც დგება. მოქალაქეები არ ითვალისწინებენ მაშველების მითითებებს. ნასვამ მდგომარეობაში ახდენენ მდინარეებსა და ტბებში შესვლას, არ ემორჩილებიან მითითებებს აკრძალულ ტერიტორიებში, ახდენენ ისეთ ადგილებში შესვლას, რომელიც არ არის შესაბამისად შემოფარგლული და გამოყოფილი ბანაობისთვის. შედიან ისეთი მცურავი საშუალებებით, მაგალითად გასაბერი ლეიბით და გასაბერი ნავით, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე გამოდის მწყობრიდან.“

მაშველები მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევენ:

„თბილისის ზღვას აქვს სხვადასხვა ტემპერატურის შემცველი ფენა - ცივი და თბილი ფენები, რომელიც სეზონის დასაწყისში და დასასრულში იწვევს დიდ საფრთხეებს, აქედან გამომდინარე თითქმის ყოველდღე გვაქვს გადარჩენის შემთხვევები. ჩვენი რეკომენდაცია და თხოვნა იქნება, რომ მოსახლეობამ ისარგებლოს ისეთ საბანაო ზონებში, რომლებშიც მინიმუმამდეა დაყვანილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოებები. ნუ შევლენ ნასვამ და ნაბახუსევ მდგომარეობაში, ასეთ შემთვევაში საბანაო ზონაშიც რომ იყვნენ, ბანაობა მაინც განსაკუთრებით მაღალი საფრთხის შემცველია“, - აცხადებს ნოდარ ჭუმბაძე.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე