Exclusive: ჩერნობილის ტრაგედიის ცოცხალი მოწმე კახეთიდან - ოთარ ცერცვაძე 38 წლის იყო, როცა ჩერნობილში წავიდა (ფოტოარქივი)

22:43 06-11-2019
904

ოთარ ცერცვაძე 38 წლის იყო, როცა 1986 წელს ჩერნობილში წავიდა.
პროფესიონალი მძღოლი იყო, თელავის ავტოპარკში სატვირთო ავტომობილს მართავდა.

width=600

“დიადი” კომუნისტური მთავრობა საგულდაგულოდ მალავდა, პირდაპირ სიკვდილის ზონაში რომ უშვებდა საბჭოთა ადამიანებს. ახალგაზრდა მძღოლს პარტიის რაიკომში უთხრეს, ექვსი თვით წახვალ, კარგ ანაზღაურებას მოგცემენ, ცხოვრებას მოიწყობ და სამშობლოსაც სამსახურს გაუწევო. მეუღლე და 10 წლის ვაჟი ჰყავდა მაშინწარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ამ გამგზავრებით, საკუთარი და ოჯახის ბედს სამუდამოდ ცვლიდა.

width=600

უკრაინაში სწორედ მაშინ ჩავიდა, როცა ჩერნობილი, პრიპიატი და მიმდებარე სოფლები მოსახლეობისგან სრულიად იცლებოდა. აფეთქებულ რეაქტორთან მისული პირველი მაშველებიდან ყველა გარდაცვლილი იყო. იმდრიონდელი საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან ჩაყვანილი მაშველების ახალ-ახალ ჯგუფებს, მათ არსებობას, მხოლოდ საინფორმაციო დაფა ახსენებდა.

ოთარ ცერცვაძის ჯანმრთელმა ორგანიზმმა, სიკვდილის ზონაში ყოფნას, ოთხ თვეს გაუძლო.

width=600

დაპირებული მოწყობილი ცხოვრებისა და გმირის წოდების ნაცვლად, უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან, ახალგაზრდა მამაკაცმა, მშობლიურ სოფელში, მხოლოდ შერყეული ჯანმრთელობა, სხეულში რადიაციის ჩვიდმეტჯერ მაღალი დონე და ერთი საბჭოთა მედალი ჩამოიტანა. ოთხ თვეში გამომუშავებული კეთილდღეობა კი, 6400 მანეთის სახით, უკრაინიდან სოფელ წინანდალში ფოსტით ჩავიდა.

მას შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად, დაიწყო ყოველწლიური ვიზიტები ონკოლოგიურ საავადმყოფოში და ყოველდღიური ბრძოლა წამლების შესაძენი სახსრებისათვის.

width=600

ახალგაზრდა ოჯახმა გამრავლებაც ვეღარ მოახერხა - ჩერნობილის მაშველებს შვილების ყოლა აკრძალული ჰქონდათ.

ახლა ოთარ ცერცვაძე პენსიონერია. მეუღლესთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, პატარა მეურნეობას, ვენახსა და შინაურ ფრინველებს უვლის. ასაკობრივ და ჩერნობილის ვეტერანის პენსიის ერთობლივად მიღებაზე მას უარი უთხრეს. დღემდე, მხოლოდ ვეტერანის პენსია აქვს, რომელიც მისთვის აუცილებელი მედიკამენტების გრძელ სიას სანახევროდაც არ ყოფნის. რადიაციისგან წარმოშობილ ნერვულ აშლილობას ოთარი ყოველდღიურად ებრძვის. ონკოლოგიურ დაავადებას ოპერაციით გაუმკლავდა მისი მეუღლეც. ექიმების ვარაუდით, თინა ცერცვაძის ავადმყოფობის მიზეზი, რადიაციით დასხივებულ მეუღლესთან თანაცხოვრება გახდა.

220 ლარიანი პენსიის გარდა, ცერცვაძეების ოჯახი სხვა შეღავათებით არ სარგებლობს. მეუღლეები მხოლოდ იმას დარდობენ, რომ შვილების ყოლა ვეღარ მოახერხეს და იმედით ცხოვრობენ, რომ მაშველის მიერ გაწეული რისკი და გამბედაობა, ოდესმე სათანადოდ დაფასდება.

width=600

ჩერნობილი კი, დღემდე, მძიმე, დაუვიწყარ მოგონებად იქცა, რომელიც ცერცვაძეების ოჯახში ყოველდღიურად ცოცხლობს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი