რა ძველბიჭებზე ლაპარაკობთ, როდესაც თქვენ თქვენი ქცევით ძველბიჭური მენტალიტეტის განსახიერება ხართ - თალაკვაძე

14:09 06-11-2019
18

„ეს არჩევნები რომ თავისუფლად ჩატარდა, ამას იცით რა ადასტურებს? ხმების რაოდენობა, რომელიც მაინც მიიღეთ“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას.

„ეს ადასტურებს იმიტომ, რომ მხოლოდ თავისუფალი არჩევნების პირობებში შეიძლება, რომ თქვენნაირმა ტოქსიურმა ძალამ რამე ხმები და მხარდაჭერა მიიღოს და კიდევ ნუ გაქვთ პრეტენზია არჩევნებთან დაკავშირებით. ძველბიჭებზე თქვენ ლაპარაკობდით? თქვენი ტერმინოლოგია, თქვენი ფრაზები, თქვენი დამოკიდებულება თქვენი კოლეგების მიმართ, აი ეს არის ძველბიჭური მენტალიტეტი, პირდაპირ ჩვენს თვალწინ პარლამენტში, რისი დემონსტრირებაც თქვენ გააკეთეთ. რა ძველბიჭებზე ლაპარაკობთ ამის შემდეგ, როდესაც თქვენ ხართ თქვენი ქცევით განსახიერება ძველბიჭური მენტალიტეტის. მთელი თქვენი ტერმინოლოგიით, მიმართვებით და დამოკიდებულებით,“ - განაცხადა თალაკვაძემ.