318 ადგილი, სადაც ადამიანები ტელევიზორის ყურების გამო სიკვდილით დასაჯეს

12:35 06-11-2019
41

სამხრეთ კორეულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩრდილოეთ კორეაში მდებარე 318 ადგილი აღმოაჩინა, რომელსაც ოფიციალური ფხენიანი ხალხის სიკვდილით დასჯისთვის იყენებს.

„გარდამავალი მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფმა“ 610 ჩრდილოეთ კორეელი რენეგატი გამოკითხა. სიღრმისეული ინტერვიუები 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწორედ ამის საფუძველზე შეადგინა ორგანიზაციამ ანგარიში სახელად „გარდაცვლილთა ბედის რუკა- მკვლელობები და სამარხები ჩრდილოეთ კორეაში“.

დოკუმენტში აღწერილია ადამიანთა სიკვდილით დასჯის ათწლეულები. მათ ისეთი დანაშაულებების გამოც კი სჯიდნენ, როგორიცაა ძროხის მოპარვა და სამხრეთ კორეული ტელევიზიების ყურება.

უფლებამდაცველთა ჯგუფის განცხადებით, საჯარო სიკვდილით დასჯა ჩრდილოეთ კორეაში  მდინარეებთან, მინდვრებთან, ბაზრებთან, სკოლებთან და სპორტულ მოედნებთან ახლოს ხდებოდა.

ანგარიშის თანახმად, სიკვდილით დასჯის საყურებლად 1000-ზე მეტი ადამიანი იკრიბებოდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზოგჯერ სიკვდილმისჯილთა ოჯახის წევრებს, მათ შორის ბავშვებსაც, განაჩენი აღსრულებას იძულებით აყურებინებდნენ. ოჯახებს არც მოკლულთა ცხედრებს უბრუნებდნენ და არც მათი სამარხის ადგილმდებარეობას ეუბნებოდნენ.

სიკვდილით დასჯის ყველაზე პატარა თვითმხილველი 7 წლისაა.

ერთ-ერთი თვითმხილველი იხსენებს, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში, სამუშაო ბანაკში, 80 პატიმარს იძულებით აყურებინეს 3 ქალის სიკვდილით დასჯა, რომელთა დანაშაულიც ჩინეთში გაქცევის მცდელობა იყო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანების სიკვდილით დასჯა ჩრდილოეთ კორეაში ძირიტადად დახვრეტით ხდებოდა. თვითმხილველების თქმით, ძირითადად 3 ჯალათი აღასრულებდა განაჩენს. 2005 წლამდე სიკვდილის დასჯის მეთოდად ჩამოხრჩობასაც იყენებდნენ.

ოფიციალური დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, გრძელდება თუ არა დღემდე სიკვდილით დასჯის პრაქტიკა ჩრდილოეთ კორეაში, არ ვრცელდება. თუმცა რამდენიმე კვირის წინ, სამხრეთ კორეა იუწყებოდა, რომ ფხენიანის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპთან ჩავარდნილი მოლაპარაკებების გამო, ჩრდილოეთ კორის სახელმწიფო საბჭოს სპეცწარმომადგენელი სიკვდილით დასაჯა.

ავტორი: მარიამ გიგანი