საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დასაქმების შანსი ეძლევათ - მინიმალური ხელფასი 800 ევრო

10:29 06-11-2019

კომპანია Columbia Shipmanagement (CSM) საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

პირველ ეტაპზე იგეგმება 18-დან 40 წლამდე ასაკის 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და ჰაუსკიპერის პოზიციებზე, მინიმალური ანაზღაურება 800 ევროს შეადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული შეთავაზება მოქმედებს კვიპროსში მყოფი ქართველებისთვის.

კანდიდატების შერჩევა ორ ეტაპად ჩატარდება. ძირითადი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც მუშაობის შესაბამისი გამოცდილება აქვთ. შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე კომპანია CSM-ის წარმომადგენლებთან გასაუბრებას გაივლიან.

შერჩეული 20 გოგონასთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს პერსონალური მომზადებისა და გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაზისო წვრთნის უფასო კურსებს.

CSM – მსოფლიო კლასის გემების მენეჯერი და საზღვაო მომსახურების კომპანიაა. ის 40 წლის წინ კვიპროსზე დაფუძნდა.