ერთ-ერთი ქალი, რომელიც სამტრედიის ქუჩიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს კომატოზურ მდგომარეობაშია 

18:56 06-08-2019
756

ერთ-ერთი ქალი, რომელიც სამტრედიის ქუჩიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს კომატოზურ მდგომარეობაშია. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება „გერმანული კლინიკის“ ექიმმა, ზვიად დევდარიანმა გააკეთა.

„ამ ეტაპზე მდგომარეობა არის მძიმე, მიმდინარეობს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები, პაციენტი არის კომატოზურ მდგომარეობაში. როდესაც შემოიყვანეს კითხვებზე არ პასუხობდა და არაადეკვატური იყო.“ - ამბობს ექიმი. 

სამტრედიის ქუჩის #1 კორპუსის ბინაში დღეს პოლიციამ მოხუცი ქალის ცხედარი იპოვა. ბინაში კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი (რომელიც კომატოზურ მდგომარეობაშია) საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათ ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოკვლევას უტარებენ. 

პოლიცია შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის წინ მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან სადარბაზოში მძაფრი, უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თავდაპირველად ბინაში მყოფი ახალგაზრდა გოგო გამოეხმაურა, რომელიც მოწოდების მიუხედავად კარს არ აღებდა. საბოლოოდ კარი სამაშველო სამსახურმა შეამტვრია. ამის შემდეგ გაირკვა, რომ სახლში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იყო. 

დღის განმავლობაში რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა. გაზის გაჟონვა მალევე გამოირიცხა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოხუცს სიმსივნე ქონდა, ხოლო ახალგაზრდა გოგონას ფსიქიკური პრობლემები. ოჯახისწევრების ფსიქიკურ პრობლემებზე მეზობლებიც საუბრობენ. 

გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.