სტიქია ხარაგაულის რაიონში - სოფელ ლეღვანში ადიდებულმა მდინარემ მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვიტა

10:31 06-08-2019
1136

ხარაგაულის რაიონის რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

რამდენიმესაათიანი წვიმის შედეგად, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია, წაღებულია ხიდები და გზები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ლეღვანი, ასევე სოფელი დიდვაკე. შეწყვეტილია დენის მიწოდებაც. გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელი ლეღვანი, სადაც მოსახლეობამ ღამე სახლებში ვერ გაათია. რამდენიმე სახლს ადიდებულმა მდინარემ საძირკველი გამოაცალა.

წყლის ნაკადმა საავტომობილო გზა წაიღო და სოფელ ლეღვანში 400-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.  მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა სახნავ-სათესი მიწები, შინაური ცხოველები და ფრინველი.

ხარაგაულში დღეს დილიდან გამოიდარა, თუმცა მდინარეში წყლის დონემ არ დაიკლო.

 როგორც „პრაიმტაიმს“ ხარაგაულის საკრებულოს ლეღვანი- მარელისი დიდვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნიკოლოზ მაღრაძემ განუცხადა, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ცდილობენ ჩახერგილი გზების გაწმენდას. მისივე თქმით, ვარაუდობენ, რომ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს ხანში აღუდგება.