ზუგდიდის საკრებულომ მხარი დაუჭირა ყინულის მოედნის ტერიტორიის გაყიდვას

17:20 06-07-2019
14

საკრებულომ ხმათა უმრავლესობით საპრივატიზაციო ობიექტების სიაში შეიყვანა სკეიტ პარკის მიმდებარედ, ყინულის მოედნის ტერიტორია. საკითხის განხილვას აზრთა სხვადასხვაობა უძღოდა წინ.

კენჭისყრისას დარბაზში არ იმყოფებოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან თქვა, რომ აზრი არ აქვს დარბაზში ყოფნას, რადგან ყველამ კარგად ნახა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ყინულის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით. მანამდე იგივე მიზეზით დარბაზი დატოვეს სამოქალაქო აქტივისტებმა.ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვდნენ გასაყიდად არ გაეტანა დადიანების ეზოს მიმდებარედ მიწის ნაკვეთი. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით, ტერიტორიას აუქციონზე გაიტანენ და იყიდის თუ არა მას კომპანია m² ჯერ უცნობია.

„მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად ეს იქნება ადგილი, რომელიც ქალაქს აქცევს მიზიდულობის ცენტრად. ამ შინაგანი რწმენით მივდივართ ამ გადაწყვეტილებამდე. როცა აქ ცნობილი ბრენდი შემოვა, ეს სხვა ინვესტორებისთვის იქნება სიგნალი. m² ნამდვილად არ არის გადაწყვეტილი. არ გამოვრიცხავ ის გახდეს გამარჯვებული, თუმცა არც სხვა გამოირიცხება“, - აღნიშნა წოწერიამ.

საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად, ტერიტორია 7 მილიონზე მეტ ლარად გაიყიდება, ხოლო ინვესტორს, რომელიც შეიძენს მას, ექნება ვალდებულება, 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. რაც შეეხება ყინულის სახლს, მას შემდეგ, რაც ინვესტორი 200 000 ლარს გადაიხდის, მერია კონსტრუქციას სხვა ადგილას თავად გადაიტანს.

ავტორი: თეა შონია