ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს - საგანგებო ბრიფინგი შსს-ში

11:27 06-04-2019
1008

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, მიხეილ კალანდია დააკავეს. 

რამდენიმე წუთში ამ თემაზე საგანგებო განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდება.  

გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე სხვა პირთა ბრალეულობის დადგენას არ გამორიცხეს. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ  სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის კომენტირებისას გააკეთა. 

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების განაჩენი გამოცხადდა.

სააპელაციომ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში არასრულწლოვანი გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

რაც შეეხება გ.ბ.-ს,  მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

ამასთან, ორივე მათგანს შეეცვალა სასჯელის ზომა და 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.