ზუგდიდში 90-ზე მეტ პედაგოგს სამსახურიდან წასვლა სურს

16:42 06-03-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საპენსიო ასაკის 94-მა მასწავლებელმა სკოლიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სამსახურიდან წასვლის სურვილი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც ფულადი ჯილდოს - ორი წლის ხელფასის მიღების შესახებ გაიგეს. ინფორმაცია ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაადასტურეს.

მათი ინფორმაციით, ზუგდიდში სულ 1529 პრაქტიკოსი პედაგოგია, მათგან 230 მასწავლებელი პენსიონერია.

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, შესაძლებლობა აქვთ, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ.

ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მათ შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

საპენსიო ასაკის პედაგოგებს გადაწყვეტილების მიღება 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. რაც შეეხებათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც სკოლიდან წასვლაზე უარს იტყვიან. საქმიანობის გაგრძელება სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით შეეძლებათ.

სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბერში.

 

ავტორი: თეა შონია