რომელი დაავადებები „გაახალგაზრდავდა" და რატომ გაიზარდა თინეიჯერებში დიაბეტის შემთხვევები?

13:42 06-03-2019
23

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დალი ტრაპაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არაგადამდები დაავადებების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სიკვდილიანობის 90%-ზე მეტი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის. საგანგაშო მაჩვენებელია მოზარდებში ქრონიკული დაავადებების მხრივ.

სპეციალისტის განმარტებით, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ფილტვის დაავადებები „გაახალგაზრდავდა“ და 12-14 წლის მოზარდებში სიმსუქნემ დიაბეტის შემთხვევების ზრდა გამოიწვია.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევით, ადამიანთა 80 პროცენტი ექიმს მიმართავს უკვე ჩამოყალიბებული დაავადებების შემთხვევებში. 2013 წლიდან რაც ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევა მოქმედებს, ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია მიმართვიანობამ. თუმცა, ისევ მტკივნეულია ასიმპტომური, ჩივილის გარეშე პირის ექიმთან მიმართვიანობა.  

მსოფლიოში და მათშორის საქართველოში შფოთვა და დეპრესია ჰიპერტენზიის და გულსისხლძარღვთა დაავადებების დამოუკიდებელი რისკფაქტორებია. მსოფლიოში მომატებულია სტრესი და ამიტომ აუცილებელია ექიმთან პარტნიორობა. გაახალგაზრდავდა გულსისხლძარღვთა დაავადებები, რომელსაც 35-40 წლის ადამიანებში ვხვდებით. მოზრდილებში მომატებულია ჰიპერტენზიის შემთხვევები. გარდა ამისა, 12-14 წლის ასაკში დიაბეტის გაზრდილი მაჩვენებელი პირდაპირ დაკავშირებულია სიმსუქნესთან.

ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დეფექტი ექიმთან კონტაქტის დეფიციტია. 2018 წელს 11 000 ადამიანი გამოვიკვლიეთ და მათ მიიღეს საჭირო ინფორაცია ამა თუ იმ დაავადების შესახებ. აუცილებელია, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანია“, - აცხადებს დალი ტრაპაიძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური