ნინო კასრაძემ წიგნის ფესტივალზე მსახიობები გააერთიანა - ვინ არის ჩცდ-ს „მაკას" საყვარელი მწერალი?

14:18 06-01-2019
193

რიგით 21-ე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სტუმართა სიუხვით გამოირჩევა. ამის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად მწერალი ლაშა ბუღაძე „პრაიმტაიმთან“ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ასახელებს.

ლაშა ბუღაძე: „უხვადაა უცხოური გამომცემლობები და ავტორები. ფრანკფურტი ყველაზე დიდი ბაზრობაა და ჩვენ იქ მთავარი სტუმრის სტატუსით გახლდით. სწორედ ამის შედეგია ეს სტუმრიანობაც. შემოთავაზებებია საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან.

ფესტივალი 30 მაისს დაიწყო და 2 ივნისამდე გაგრძელდება. სტუმრებს შორის მწერლებსა და პოეტებს საკუთარი წიგნების შორიახლოს  ნახავთ. ეს არის შემთხვევა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.  შეგიძლიათ საყვარელ, თანამედროვე ავტორს თქვენი აზრები თამამად გაუზიაროთ, სიყვარულში გამოუტყდეთ, სამახსოვრო ფოტო დასტყუოთ... ამ მხრივ მწერლებს დაემატნენ მსახიობებიც. ანუ მათთან უშუალო კონტაქტისთვის, ფესტივალი, საოცარი ადგილია. უკვე მეორე წელია, რაც მსახიობები ჩართულნი არიან წიგნის ფესტივალში. „მსახიობები ლიტერატურისთვის“ - ასე ქვია პროექტს, რომელშიც ისინი ახალ წიგნებს წარადგენენ მკითხველის წინაშე. იდეის ავტორი მსახიობი ნინო კასრაძე გახლავთ. შარშან 30 მსახიობი იყო ღონისძიებაში ჩართული, წელს - 40-ია. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში სპეციალურად მოწყობილ კუთხეში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მსახიობების მიერ განხილული წიგნების მოსმენა. მონიტორის ქვეშ ვკითხულობთ - „სიჩუმე, რეპეტიციაა“.  კედლებზე აფიშებია გაკრული. მოკლედ, მიდით, წიგნის ფესტივალზე და მინი, მონო სპეტაკლების მოწმენი გახდებით. 1-ელ და 2 ივნისს სასურველი წიგნების შეძენის გარდა, თქვენ მსახიობების საყვარელი წიგნების შესახებაც შეიტყობთ.

„ნინოა ფესტივალის ამ პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი. დიდი მადლობა გვეთქმის. მსახიობები აბსოლუტურად უანგაროდ კითხულობენ ჩვენს ტექსტებს, პიესებს, ფრაგმენტებს“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ლაშა ბუღაძე.

ნინო კასრაძე სამი თვის წინ 41-ე საჯარო სკოლაში გახლდათ, საიდანაც ქართული ენის მასწავლებელთან კონსულტაციის შემდეგ რამდენიმე მოსწავლე დაიბარა რუსთაველის თეატრში, დაახვედრა 50-მდე წიგნი და არჩევა სთხოვა. ამდენად, მოსწავლეები თავიანთი საყვარელი წიგნებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.

„ქალბატონმა ნინომ მითხრა, ჯობია ის წიგნი აარჩიო, რომელიც წაკითხული გაქვს, მასში შენი თავი აღმოაჩინე და სცენაზე გამოხატავო. მაშინვე ავარჩიე „დათა თუთაშხია“. ნინო არის ინტელიგენტი, საყვარელი, დონე ქალბატონი. ისე მეტყველებს, არ არსებობს რომ არ მოუსმინო“ - ემოციები გაგვიზიარა 41- სკოლის მოსწავლემ, ქრისტინე სარალიძემ.

- ქალბატონო ნინო, საიდან გაგიჩნდათ წიგნის ფესტივალში მსახიობების ჩართვის იდეა?

- რატომაც არა? ახლა ვფიქრობ, აქამდე რატომ არ ვაკეთებდით ამას? ვერ გეტყვით, საიდან მოვიდა ამის იდეა. გაჩნდა, უბრალოდ. კოლეგებიც ამყვნენ. შარშან 30 მონაწილეობდა, წელს 40 მსახიობი მონაწილეობს პროექტში.

- საყვარელი მწერალი დაგვისახელეთ.

-        -  ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდა“ რამდენიმე ენაზე წავიკითხე, დამაინტერესა. საერთოდ, ფოლკნერის ქართულმა თარგმანმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. სალმან რუშდის „ეშმაკეული აიაები“ ბოლო დროს წავიკითხე და წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა.

წიგნებიდან ამონარიდებს კითხულობენ დარეჯან ხარშილაძე, თემიკო ჭიჭინაძე, ნინო კასრაძე, ნინო თარხან-მოურავი, ნინო არსენიშვილი, დათუნა გოცირიძე და სხვები...

მათ რიცხვს 1-ელ და 2 ივნისს სხვადასხვა თეატრების მსახიობები შეუერთდებიან.

ავტორი: თამარ გონგაძე