დავით სერგეენკო - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი გეგმები არ გვაქვს და არც გვქონია

19:06 05-31-2019
17

„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი გეგმები არ გვაქვს და არც გვქონია.“ - განაცხადა საქართველოს ოკუპირებუილი ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო კლინიკა, რომლებიც ჩაერთვებიან ქსელურ მართვაში და შეამცირებენ არაპირდაპირ ხარჯებს. ამისთვის მიმდინარეობს მუშაობა.

 „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების და ექთნების მშვენიერი გუნდი ამჟამად ძველ ინფრასტრუქტურაში მუშაობს. აჭარის მთავრობამ მათ გამოუნახა თანხები და იქვე იგივე  ტერიტორიაზე აუშენა ახალი ინფრასტრუქტურა.  სამედიცინო პერსონალი ძველი შენობიდან უნდა გადავიდეს ახალში და განაგრძოს საქმიანობა. გამომდინარე იქიდან, რომ  ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ და საქართველოს მასშტაბით შევქმნათ რამდენიმე სანიმუშო კლინიკა, ვამუშავებთ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, დროებით ქსელურ მართვაში ჩავრთოთ კლინკები, რომ შევამციროთ არაპირდაპირი ხარჯები.“ - განაცხადა განაცხადა მინისტრმა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან თანხების მობილიზების კუთხით.

აღჭურვასთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორებთან, რათა ვნახოთ რა თანხის  მიღება იქნება შესაძლებელი მათი მხრიდან,  რა თანხა დააწვება დარჩენილი ტვირთად ბიუჯეტს.  ამასთან  ერთად, ჩვენ  ვაკეთებთ აღჭურვილობის ჩამონათვალის ძალიან დეტალურ ანალიზს. ჩვენ გვინდოდა ერთიანი ხარისხის თამასის კონცეფციაში მოგვექცია ეს ყველაფერი. თუ ეს ფაქტი მათ ძაბავთ,  განკარგონ და განავითარონ ეს კლინიკა ისე, როგორც ჩათვლიან საჭიროდ.“  - განაცხადა მინისტრმა დავით სერგეენკომ.