შემთხვევით დაღუპული 1300 მშვიდობიანი მოქალაქე - აშშ-ს კოალიცია საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს

18:45 05-31-2019
8771

აშშ-ს ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულმა კოალიციამ, რომელიც 2014 წლიდან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის, შემთხვევით 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ წერს.

კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2014 წლიდან, სირიასა და ერაყში, ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, 34 502 საჰაერო იერიში განხორციელდა. მშვიდობიანი მოქალაქეებიც, სწორედ ამ ავიადარტყმებს ემსხვერპლნენ. კოალიციაში აცხადებენ, რომ მოსახლეობა შემთხვევითი სამიზნე აღმოჩნდა.

ბრიტანული მონიტორინგის ჯგუფი კი ირწმუნება, რომ კოალიციის იერიშების შედეგად დაღუპული მოქალაქეების რაოდენობა 13 000-ს აღწევს. მსგავს მონაცემებს ავრცელებენ სხვა უფლებამდამცველი ორგანიზაციებიც.

სირიასა და ერაყში, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია 5 წელი გაგრძელდა. ერაყში „ისლამური სახელმწიფო“ ოფიციალურად დამარცხდა. ჯიჰადისტები თითქმის სრულად განადგურდნენ სირიაშიც.

ავტორი: მარიამ გიგანი