გურამ დოჩანაშვილს საპატიო ქუთაისელის წოდება მიენიჭა

15:29 05-31-2019
12

თანამედროვე კლასიკოსი მწერალი,გურამ დოჩანაშვილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ 70-მდე მოსწავლეს შეხვდა. მწერალთან შეხვედრა  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში გაიმართა. დოჩანაშვილმა  მოზარდების კითხვებს უპასუხა და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

„ყველა ბავშვს ვულოცავ, განსაკუთრებით წარმატებულ და ასეთ სანაქებო ბავშვებს. პირველ ივნისს ორი დიდი თარიღი გვაქვს ქართველებს, წმინდა ნინოს შემობრძანების დღე და ბავშვთა დაცვის დღე, რაც უშუალოდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. უღრმესი მადლობა, რომ ასეთ კარგ ბავშვებს ახლოდან შევხედე და მქონდა ბედნიერება, მესაუბრა მათთან,“-განაცხადა გურამ დოჩანაშვილმა.

ღონისძიებაზე ქართველ კლასიკოს მწერალს, გურამ დოჩანაშვილს საპატიო ქუთაისელის წოდება მიენიჭა. მწერალს სიგელი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა გადასცა.

მოსწავლეებს სიტყვით კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ​ღასან ხალილმა მიმართეს.

„პირველი ივნისი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყურადღება მივაქციოთ იმ ბავშვებს, რომელთა ხმაც არ ისმის და რომლებიც ვერ სარგებლობენ იმ უფლებებით,რომლებითაც სხვები. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ ეს პრობლემა, რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას“ - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა.

შეხვედრის დასასრულ,მოსწავლეებს სამახსოვროდ გურამ დოჩანაშვილის წიგნი „სამოსელი პირველი“ გადაეცათ და საშუალება მიეცათ პარლამენტის პლენარულ სხდომას დასწრებოდნენ.

ღონისძიება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ავტორი: ნინი ტაველიძე