სერგო რატიანი საერთაშორისო გამომცემლებთან ჩაშლილი შეხვედრის გამო კულტურის მინისტრის საქციელს უპასუხისმგებლოს უწოდებს

14:57 05-31-2019
183

„ჩემთვისაც გაუგებარია კულტურის მინისტრის უპასუხისმგებლობა,რომელიც საერთაშორისო გამომცემლებს არ შეხვდა“- ასე  აფასებს საპარლამენტო ფრაქცია  „ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი საერთაშორისო გამომცემლებისა და კულტურისა მინისტრის შორის ჩაშლილ შეხვედრას.

მას შემდეგ რაც გამომცემლობების წარმომადგენელები მინისტრმა არ მიიღო, პარლამენტში მათ სერგო რატიანი შეხვდა.

“ჩემთან შეხვედრაზე მათ დააყენეს ეს საკითხიც. მინისტრსა და გამომცემლობების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით მინისტრმა სომხეთის დელეგაციასთან შეხვედრა მოიმიზეზა და მიხეილ გიორგაძესთან გადაამისამართა. გიორგაძე მათ კარში შეხვდა და  სხვასთან გადაამისამართა. ვცდილობ საკითხში გარკვევას. ჩემთვისაც უცნაური გაუგებრობაა ეს უპასუხისმგებლობა”- განუცხადა “პრაიმტაიმსს” სერგო რატიანმა.

საქართველოში გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდნენ. ჩამოსვლამდე მათ, ჟენევაში საქართველოს წარმომადგენლობის შუამავლობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.

დღეს  შეხვედრა უნდა გამართულიყო,  თუმცა, მინისტრი და მინისტრის მოადგილე შეხვედრაზე არ მივიდა.  გამომცემელთა წარმომადგენლებს მიხეილ გიორგაძე სამინისტროს ფოიეში შემთხვევით შეხვდა. მან განმარტა, რომ სომხეთის განათლების მინისტრთან შეხვედრაზე ისიც მიდიოდა. 

გიორგაძემ უცხოეული სტუმრები მინისტრის სხვა მოადგილესთან  გადაამისამართა და თქვა, რომ მათ ლევან ხარატიშვილი შეხვდებოდა.