უხერხული შეხვედრა სამინისტროს დერეფანში - ვინ გაექცა უცხოეულ სტუმრებს

12:12 05-31-2019
3149

საქართველოში გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდნენ. ჩამოსვლამდე მათ, ჟენევაში საქართველოს წარმომადგენლობის შუამავლობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.

მოთხოვნაზე გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელებმა თანხმობა მიიღეს, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მიხეილ გიორგაძე უნდა დასწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების და ზოგადად განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი იყო.

თუმცა, ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მათ მიიღეს კიდევ ერთი დაზუსტებული წერილი, რომლითაც აცნობეს, რომ ვინაიდან იმავე დღეს საქართველოში ჩამოდიოდა სომხეთის განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი მათთან შეხვედრას ვერ შეძლებდა და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელებს და ქართველ გამომცემლებს სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე გიორგაძე უმასპინძლებდა

შეხვედრა უნდა შემდგარიყო დღეს 10:30 სთ-ზე, თუმცა, იქ მინისტრის მოადგილე არ მისულა. გამომცემელთა წარმომადგენლებს მიხეილ გიორგაძე სამინისტროს ფოიეში შემთხვევით შეხვდა. მან განმარტა, რომ სომხეთის განათლების მინისტრთან შეხვედრაზე ისიც მიდიოდა... 

გიორგაძემ უცხოეული სტუმრები მინისტრის სხვა მოადგილესთან გააზიარა და თქვა, რომ მათ ლევან ხარატიშვილი შეხვდებოდა. 

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელმა ხოსე ბორგინომ, „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად განაცხადა, რომ ის მომხდარით შოკირებულია.

„არასერიოზულია... ასეთი სერიოზული შეხვედრა გადაულოცა მინისტრის მოადგილის, მოადგილის მოადგილეს“, - ამბობს ხოსე ბორგინო და ამჯერად მან თქვა უარი ლევან ხარატიშვილთან შეხვედრაზე.

უცხოელი სტუმრები განმარტავენ, რომ თუკი ხელისუფლებისთვის არ არის მნიშვნელოვანი მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები განათლების სისტემასთან დაკავშირებით, ისინიც არ ისურვებენ მათთან შეხვედრას. 

ამის მიუხედავად, მაინც სთავაზობენ განათლების მინისტრს, რომ 2020 წლის თებერვალში  სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმს დაესწროს, რომლის საქართველოში ჩატარებაც ამ დღეებში მათი ფესტივალზე სტუმრობის ფარგლებში დაიგეგმა.

სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმი არის საგანმანათლებლო წიგნების უმაღლესი პროფესიული უწყება. რომელიც აერთიანებს მთელი მსოფლიოდან სახელმძღვანელოების საუკეთესო გამომცემლებს.

 

ავტორი: გვანცა ჯობავა