დავით გარეჯში შესაძლო პროვოკაციით ისევ რუსეთი იხეირებს - მამუკა გონგაძე

15:25 05-28-2019
178

დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ერთი მხარე აქციას მართავს სლოგანით „დავით გარეჯი საქართველოა“ მეორე მხარე ამბობს, რომ ეს პროვოკაციაა და ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის შედეგია.

„პრაიმტაიმი“ სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს დაუკავშირდა.

ისტორიკოსი, ჰერალდიკოსი, რელიგიათა მკვლევარი - თითოეული ამბობს, რომ ეს მესამე ძალის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, რომელსაც საქართველოს არცერთი მოქალაქე არ უნდა წამოეგოს სიტუაციის ესკალაციისგან თავის არიდების მიზნით.

„დავით გარეჯის თემაზე საუბარი ამ ვითარებასა და დროში დანაშაულის ტოლფასია. მოვუწოდებ მედიასა და მოქალაქეებს - ნუ აჰყვებით პროვოკაციას და ჩვენი ქვეყნისთვის მტრულ სცენარში წვლილს ნუ შეიტანთ. დავით გარეჯში ჩასვლა კი არა, ამ თემაზე საუბარიც დანაშაულია“ - აცხადებს ისტორიკოსი, სიმონ მასხარაშვილი.

ჰერალდიკოსს, მამუკა გონგძესაც იგივე პოზიცია აქვს.

პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე სპეციალური კომისია უკვე მუშაობს და მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ჩარევისგან, რადგან პროვოკაციაზე წამოგებით ისევ რუსეთი ხეირობს.

„ის ადამიანები, რომლებიც დავით გარეჯში წავიდნენ მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რადგან საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, აზერბაიჯანის ხელში მთლიანად საინგილო აღმოჩნდა. საზღვრის დემარკაცია ჯერ დასრულებული არ არის და კიდევ შესაძლებელია ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით მშვიდ ვითარებაში მუშაობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს დაპირისპირება. აზერბაიჯანის რიგით მოქალაქეს არ აინტერესებს დავით გარეჯი, რადგან მათთვის ჩვენგან განსხვავებით, არც რელიგიური ცენტრს არ წარმოადგენს და არც ტურისტულადაა მათთვის მიმზიდველი აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დიდი მანძილის გამო.

1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მაგალითი უნდა იყოს. სწორედ ტერიტორიული პრობლემა დადგა სომხეთთან და უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანიდან საქართველოში წითელი არმია შემოვიდა. ოკუპაციამ რაც გამოიწვია ყველასთვის ცნობილია ასევე, უნდა გავითვალისწინოთ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის დაძაბვის შედეგები... თუ მოქალაქეების პროტესტის ლოგიკას გავყვებით, მაშინ აქციები უნდა იმართებოდეს ტაო-კლარჯეთში, ლორეში, ართვინსა და საინგილოში, სოჭში, სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული მნიშვნელოვანი ძეგლები და ა.შ. დავით გარეჯის შემთხვევაზე საუბარია 200-300 მეტრზე.

ბოლშევიკების მიერ ისე გაევლო საზღვრის ხაზი, რომ გარეჯის კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა, ხოლო ჩიჩხიტურის ორი მესამედი ჩვენს შემადგენლობაშია, ხოლო ერთი მესამედი - აზერბაიჯანის. ჩვენ, ხალხმა რაც შეიძლება რომ გავაკეთოთ, ესაა რომ მოვითხოვოთ საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა, ძეგლის შენარჩუნება და თავისუფალი მიმოსვლა. გაუაზრებელი ქმედება და ეგზალტირებული ჯგუფი უნდა დაფიქრდეს ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის მძიმე შედეგებზე, ამით ისევ რუსეთი იხეირებს“ - განმარტავს მამუკა გონგაძე.

შეგახსენებთ, 5 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მომლოცველებსა და ტურისტებს გადაადგილების შესაძლებლობას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ აძლევდნენ. ამის გამო დღეს, 28 მაისს დავით გარეჯში საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური