ჩიჩხიტურის კოშკთან მცირე დაპირისპირება იყო

14:33 05-28-2019

რამდენიმე წუთის წინ მცირე დაპირისპირება იყო ჩიჩხიტურის კოშკთან.

მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ სადავო ტერიტორიაზე გადასვლა სცადა, მისი თქმით, ფოტოს გადაღება სურდა. ქართველმა მესაზღვრეებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც დგანან. ინციდენტი სასულიერო პირებმა განმუხტეს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას დავით გარეჯში აპირებდნენ.

დღევანდელ მშვიდობიან აქცია-მსვლელობაში საქართველოს 9 ეპარქია მონაწილეობს.

ცნობისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე კომისია რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად 23 მაისს შეიკრიბა.

საკითხის გააქტიურება საქართველოს პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტს და შესაბამისი მოთხოვნის დაყენებას მოყვა.

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები 25 მაისს განახლდა. 
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ადგილზე მიყვანილი იყო მძიმე ტექნიკა და კვლავ გრძელდებოდა კლდოვანი საფარის ნგრევა.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია.

აღდგომის დღსასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) გაახმოვანა და დახმარება ითხოვა.

ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელები სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ. მათ შორის, გადაადგილების პრობლემები შეექმნათ ტურისტებსა და მომლოცველებს.

მაშინ არქიმანდრიტმა თქვა, რომ გარეჯში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც იქ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.

აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, სასულიერო პირებისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის უდაბნოს მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა.