რას ჰყვება არასრულწლოვანი, რომელიც სამხედროებმა რუსთავში ხანძრის დროს გადაარჩინეს

19:02 05-27-2019

რუსთავში გუშინ გაჩენილი ხანძრის დროს სამმა სამხედრო პირმა ალმოკიდებული სახლიდან ბავშვები გამოიყვანეს. ისინი 26 წლის დავით კვიწინაძე, 34 წლის ალექსანდრე ჯანიაშვილი და გიორგი მუსელიანი არიან. 

ერთ-ერთი გადარჩენილი არასრულწლოვანი ყვება, რომ სამხედროებს კორპუსის მე-3 სართულიდან 5 ბავშვი გამოჰყავდა და ზრდასრულებსაც ეხმარებოდნენ სახლების დატოვებაში.

“დილას დედაჩემმა გამაღვიძა, პირველი რაც გამახსენდა იყო ის, რომ ზემოთ სართულზე უნდა ავსულიყავი და ჩემი მეგობრები გამეფრთხილებინა. როდესაც მაღლა ავედი, უკან ჩამოსვლას ვეღარ ვახერხებდით დიდი დაკვამლიანების გამო. ერთ-ერთი მაშველი ამოვიდა და ჩამოგვიყვანა. დავინახე, რომ მე-3 სართულიდან ჯარისკაცებს გამოჰყავდათ ბავშვები და უსაფრთხო ადგილზე ჩამოჰყავდათ. ინტოქსიკაციის გამო საავადმყოფოში გადამიყვანეს, როდესაც კლინიკაში შევედი,  ის ორი ჯარისკაციც იქ დამხვდა, მათაც მწვავე ინტოქსიკაცია ჰქონდათ.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე მოხდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.