როგორი იქნება ახალი ფართომასშტაბიანი ონკოლოგიური ჰოსპიტალი, რომელიც რეგიონული ჰაბის ფუნქციას შეასრულებს?

14:38 05-27-2019
567

 მალე ქ. თბილიში ახალი ონკოლოგიური ჰოსპიტალი დაიწყებს ფუნქციონირებას. მშენებლობას „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ მენეჯმენტი ახორციელებს. ახალი პროექტი 1 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება და კლინიკის საერთო ფართი 24 000 კვ.მ იქნება. ინვესტიციის ჯამური ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ამერიკული დოლარია.

კონკრეტულად, რას გულისხმობს ახალი ინვესტიცია და როგორი იქნება ახალი ჰოსპიტალი?

ამის შესახებ გავესაუბრეთ „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ მმართველ პარტნიორს ივანე ნემსაძეს.

– რამ გახდა საჭირო ახალი კლინიკის აშენება?

– ონკოლოგიური დაავადებების ზოგადი ფონი არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში საკმაოდ შემაშფოთებელი და მზარდია. როგორც მკვლევარები განმარტავენ, გახშირებული ავადობის მიზეზი შეიძლება უამრავი ფაქტორი იყოს. აქედან გამომდინარე, გაიზარდა მოთხოვნა ონკოსერვისებზე. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მედიცინის ეს დარგი კიდევ უფრო განვითარდა და მსოფლიოში წარმატებით დაინერგა მკურნალობის მაღალეფექტური მეთოდები.

შედეგად მივიღეთ ის, რომ პაციენტებს მკურნალობის  სხვადასხვა  სერვისის მიღება შეუძლიათ, მაგრამ ძალიან დიდ პრობლემებს აწყდებიან, ხშირად  უწევთ კლინიკებს  შორის გადაადგილება, ტრანსპორტირება. გამომდინარე აქედან, გაჩნდა იდეა, აგვეშენებინა ახალი ჰოსპიტალი, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. სადაც პაციენტები მაქსიმალურად კომფორტულ  გარემოში მიიღებენ მომსახურების სრულ სერვისს.

აგრეთვე, თანამედროვე ჰოსპიტალის მშენებლობის ერთ-ერთი  მიზანია, არ მოხდეს პაციენტების საზღვარგარეთ გადინება. ჩვენი კლინიკა საქართველოში აბსოლუტურად  ყველა იმ მეთოდითა და  ხარისხით სთავაზობთ პაციენტებს მკურნალობას, რასაც ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იღებენ.

ასევე, გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის იმიჯის განვითარებაში და ჩვენს სივრცეში იმ ჰაბის ფუნქცია აღვადგინოთ, რომელსაც ერთ დროს ონკოლოგიური ცენტრი ასრულებდა. აქედან გამომდინარე, მთლიანი ფინანსური სარგებელი ახალი კლინიკის მშენებლობისკენ  მივმართეთ.

– როდის დაარსდა თქვენი კლინიკა და რა ისტორია აქვს?

– პროფესორი გია ნემსაძე უკვე 40 წელია, სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს, კერძოდ, ონკოქირურგიასა და ზოგად ქირურგიაში. მან „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“ 2012 წელს დააარსა და მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პერსონალით დააკომპლექტა. კლინიკა „კოიმ“ დაარსების დღიდან მოიპოვა მოსახლეობის ნდობა არა მარტო საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც.

 „კიბო არ არის განაჩენი“

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ფრაზას. ჩვენ არაერთი სრულიად განკურნებული პაციენტი გვყავს და საზოგადოების  ნდობას „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“  მიმართ ეს ფაქტიც განსაზღვრავს.

წლის მანძილზე კლინიკა 45 000-მდე პაციენტს ემსახურება და დაახლოებით 1800-1900 ოპერაცია კეთდება. მთავარი ნიშა, რაც ჩვენ დავიჭირეთ, ეს ჩვენი მომხმარებლისთვის ორი ტიპის სერვისის სწორად მიწოდებაა: პირველი ეს არის ინტელექტუალური სერვისი – ექიმების საქმიანობა და მკურნალობის მეთოდოლოგია, მეორე – პაციენტთან მოპყრობის სერვისი, ხარისხის მენეჯმენტი. ჩვენი თანამშრომლებისთვის გაწერილი გვაქვს პროტოკოლი, რომელშიც პაციენტთან ურთიერთობის თითოეული დეტალია გათვლილი  და ისინი აღნიშნულ წესებს ძალიან კარგად იცავენ. საბოლოო ჯამში, ეს გვაძლევს პროდუქტს, რომელმაც ასეთი პოპულარობა მოგვიტანა.

ახალი კლინიკის მშენებლობის ამბიციაც  აქედან დაიბადა!

– რა ფაზაშია მშენებლობა?

– დაახლოებით, 4 წელი დავხარჯეთ, რომ მიმდინარე მშენებლობაში  ყველა დეტალი გაგვეთვალისწინებინა. თბილისის მერიისგან სულ ახლახან მივიღეთ ახალი ჰოსპიტალის მშენებლობაზე ნებართვა და პროექტის განხორციელება უკვე დავიწყეთ. ამ ეტაპისთვის საკმაოდ სოლიდური ინვესტიციები გვაქვს განხორციელებული.

პროექტის არქიტექტურული ნაწილი, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია, კომპანია NS Studio-მ შეასრულა. მათ შეძლეს, დაედოთ სტანდარტი, რომელიც ისრაელისა და ევროპის იდენტურია.

– კონკრეტულად რა სერვისებს შესთავაზებს ახალი ონკოლოგიური ჰოსპიტალი პაციენტებს?

– „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“ საკმაოდ პროგრესულ ნაბიჯებს დგამს განვითარების კუთხით. როგორც გითხარით, ჩვენი მიზანია, ქვეყანაში შევქმნათ  ევროპული სტანდარტების სამკურნალო და დიაგნოსტიკური  სივრცე.    

ახალი შენობა აღჭურვილი იქნება  ბოლო თაობის  დიაგნოსტიკური  აპარატურით.   

  ასევე, ვამატებთ ახალ სერვისს - სხივური თერაპიის მიმართულებას. თურქ პარტნიორებთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლებიც ამ კონკრეტულ პროექტში ინვესტიციას ჩვენთან ერთად ახორციელებენ. ჩვენი ექიმები თურქ ექიმებთან ერთად გადამზადდებიან. ეს იქნება 5-წლიანი პროგრამა და ამ პერიოდში სხივური თერაპიის კურირებას სრულად ჩვენი უცხოელი კოლეგები განახორციელებენ. პროგრამა, რომელიც თურქეთთან ერთად დავგეგმეთ, საშუალებას მოგვცემს, რომ ის სერვისი, რისთვისაც ქართველი პაციენტი მეზობელ ქვეყანაში მიდის, შეღავათიან ფასებში იყოს ხელმისაწვდომი.

პაციენტისთვის სარეაბილიტაციო პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სჯობს, რაღაც დავთმოთ და პაციენტებს ისეთი სერვისი შევთავაზოთ, რომელიც სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. აქედან გამომდინარე, პაციენტის ბედი მხოლოდ იღბალზე არ იქნება დამოკიდებული, ოპერაციის შემდეგ გადარჩება თუ არა. ეს სერვისი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს სხვადასხვა საფეხურს, ფსიქოლოგიურ კურსს და, ასევე, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს. ჩვენს ახალ ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო სივრცეს ერთი სართული სრულად დაეთმობა.

ონკოპაციენტებისთვის ესთეტიკური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. ახალ ონკოლოგიურ ჰოსპიტალში იქნება პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტი, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია დაეთმობა. რადიკალური მასტექტომიის შემდეგ, ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი სრულყოფილად იგრძნონ, ამიტომ ისინი პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ. ეს კიდევ უფრო აუმჯობესებს მათი გამოჯანმრთელების პროცესს.

– დაბოლოს, როდის დასრულდება მშენებლობა და კონკრეტულად რა მისამართზე იქნება ახალი ჰოსპიტალი?

– ამჟამად მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. გეგმის მიხედვით, ჰოსპიტალის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს და  ამავე წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ შენობა სრულად დაიტვირთება და შეძლებს პაციენტების მიღებას. მის.: ქ. თბილისი, დიღომი, ჯავახიშვილის ქუჩა.